კალათბურთი

2:25 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი „იბეროსტარ ტენერიფეში“ მეფობს!

გიორგი შერმადინი „იბეროსტარ ტენერიფეში“ მეფობს! ქართველი კალათბურთელი ესპანური გუნდის აშკარა ლიდერად ჩამოყალიბდა და ყოველ თამაშში საუკეთესოა. ასე იყო ახლაც, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში.

ესპანელები მონტენეგროში „მორნარ ბარს“ ეწვივნენ და მძიმე ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ საყაიმო ანგარიშიც იყო, მაგრამ დასკვნით ათწუთეულში „ტენერიფემ“ იძალა და საბოლოოდ 81:74 მოიგო.

შერმადინმა პარკეტზე 24:49 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი საკუთარ გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება შესძინა. ჩვენებურმა 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP ქართველი ცენტრი გახდა.

სხვათა შორის, „მორნარ ბარის“ რიგებში საქართველოს ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული წევრი ჯეიკობ პულენი გამოირჩა 16 ქულით, 1 მოხსნით, 1 პასით და თანაგუნდელთა შორის ჯეიკობი საუკეთესო იყო.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში ორი გამარჯვება აქვს (ორ მატჩში) და „ნიმბრუკთან“ ლიდერის პოზიციას იყოფს. ესპანური გუნდი მომდევნო ტურში 29 ოქტომბერს, „პერისტერის“ დაუხვდება.

0.132098