ქართველი ლეგიონერები

15:25 | 22.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას 6 გოლი ყოფილ კლუბს  

ხელბურთის ეროვნული ნაკრები უკვე მაკედონიაშია და ამ ქვეყნის გუნდთან 25 და 26 ოქტომბრის 2 ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. წინა შაბათ-კვირას ნაკრების წევრებმა საკლუბო მატჩები გამართეს.

ჩვენი 3 ხელბურთელი მაკედონიის ჩემპიონატში თამაშობს და გუნდს სკოპიეში დახვდა. ამ ქვეყნის პირველობაზე 7 ტურია გამართული და ტურნირს ქართველების გუნდები ლიდერობენ. რეზო ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის მეტალურგი 19 ქულით (6 მოგება და ფრე) პირველ ადგილზეა, ლექსო წითელიშვილის ოჰრიდი ლიდერს 18 ქულით (6 მოგება, 1 წაგება) კვალში უდგას.

ბოლო ორ ტურში ოროვე გუნდმა 2-2 მატჩი მოიგო. ოჰრიდმა შინ 24-22 დაამარცხა ლიდერთა ჯგუფის წევრი სკოპიეს ბუტელი, შემდეგ კი სტუმრად 28-10 გაანადგურა სტრუგა. წითელიშვილს ბოლო დროს მხრის ტრავმა აწხებდა და ძირითადად დაცვაში თამაშობდა, თუმცა, ბუტელს მაინც გაუტანა 1 გოლი და თავისი პირადი ანგარიში 14 ბურთამდე აიყვანა.

სტრუგამ გაცილებით მეტი წინააღმდეგობა გაუწია მეტალურგს, რომელთანაც 25-32 დამარცხდა. ამის შემდეგ კბილაშვილისა და ჭანტურიას გუნდმა ბიტოლაში მოუგო პელისტერს 27-24. კბილაშვილის ანგარიშზე იყო 3 გოლი (სულ 16 სეზონში), ხოლო ჭანტურიამ თავის ყოფილ კლუბს ექვსჯერ გაუტანა (სულ 23 გოლი აქვს).

მიუხედავად ამისა, პელისტერის ქომაგი მატჩის შემდეგ გულთბილად მიესალმა კლუბის ორ ყოფილ მოთამაშეს - ჭანტურიასა და ტომისლავ იაგურინოვსკის. იაგურინოვსკი ჩვენი მომავალი მეტოქის, მაკედონიის ნაკრების წევრია. ამ გუნდს დღეს, ესქიშეჰირში ამხანაგური მატჩი აქვს თურქეთის ნაკრებთან.

ხელბურთი. მაკედონია, სუპერლიგა. 7 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1. მეტალურგი 19, 2. ოჰრიდი 18, 3. პროლეტ სკოპიე 17, 4. ბუტელ სკოპიე 15 - რადოვიში 12, 6. პელისტერი 8, 7. ვარდარ-ჯუნიორი 6, 8. რაბოტნიჩკი 4, 9. მეტალურგი-2 1, 10. სტრუგა 1 (ფინალურ ეტაპზე გადის 4 გუნდი და ვარდართან და ეუროფარმ-რაბოტნიკთან ერთად გაითამაშებს ქვეყნის ჩემპიონობას)

0.147424