ფეხბურთი

23:31 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელთა ლატვიური შეკრება “დაუგავასთან“ მატჩით დასრულდება

დღეს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, რიგაში ევროპის ჩემპიონატისწინა შეკრების ბოლო ვარჯიში გამართა, ლატვიური შეკრება კი, ხვალ, 16 ივლისის დილას, ადგილობრივ “დაუგავასთან“ ტესტ-მატჩით დასრულდება.

გუნდი ბოლო ამხანაგური შეხვედრისთვის კარგადაა მომზადებული. ბოლო ვარჯიშმაც ძალიან დადებითად ჩაიარა და პენალტებიის სერიით დასრულდა.

ვარჯიშის შემდეგ, ლატვიური შეკრების შეჯამება 19-წლამდელთა თავკაცს ვთხოვეთ.

გია ცეცაძე: “კარგი და ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. პირობებიც მშვენიერი იყო და ვარჯიშებითაც კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით კი, ბიჭების შემართება და კონცენტრაცია მახარებს. მადლობა ღმერთს, რომ რაც დაგეგმილი გვქონდა და როგორც გვინდოდა, ყველაფერი ისე გამოვიდა.

ჩავალთ კაუნასში და ამ ყველაფრის შედეგი იქ გამოჩნდება. ერთადერთი, იმას ვიტყვი, რომ კარგი იქნებოდა, ის ბიჭები, ვინც ევროპალიგაზე თამაშის გამო გვიან შემოგვიერთდნენ, თავიდანვე ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. თუმცა, ეს ისეთი რაღაც არაა, რამაც შეიძლება ჩვენს თამაშზე გავლენა იქონიოს.

ბიჭებიც და ჩვენც – მთელი სამწვრთნელო შტაბი მოუთმენლად ველით 20 ივლისს. ეს ლოგიკურია, რადგან მთელი გასული დრო ამისთვის ვემზადებოდით და გვინდა, ეს დღე მალე დადგეს.

თუ საფრანგეთის მწვრთნელი ჯგუფის ფავორიტად თურქეთს ასახელებს, მე ვიტყვი, რომ ჯგუფს ფავორიტი არ ჰყავს და ყველას შანსი თანაბარია.

შეიძლება, ის ყველა გუნდს კარგად არ იცნობს, ან საგანგებოდ აკეთებს ასეთ განცხადებას. დაფარული არაფერია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მატჩებსაც გაუკეთეს ანალიზი და გუნდის თამაშის მიმართულებები ეცოდინებათ. მაგრამ თუ მართლა არ გვიცნობენ, ეგ კარგია“.

შეგახსენებთ, რომ გუნდი კაუნასში ხვალ, ნაშუადღევს გაემგზავრება და საღამოს უკვე Park Inn by Radisson Kaunas Hotel-ში დაბინავდება. 19-წლამდე ნაკრების ევროპული დღიურები კი, უკვე ლიტვიდან, ევროპის ჩემპიონატიდან გაგრძელდება.

სფფ-ის პრესსამსახური

რიგა, ლატვია

0.14738