საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებნა, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში დივიზიონის დებიუტანტ ჩეხეთს შანსი არ დაუტოვა, 69:8 იმარჯვა და თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
უმცროსი “ბორჯღალოსნები” მეტოქეს ყველა კომპონენტში ჯობდნენ და 11 ლელოც ნაირ-ნაირ სტილში გაიტანეს. ანგარიში მე-4 წუთზე გიორგი ნათელაშვილმა გახსნა, კიდევ 4 წუთში თავი გიორგი ტორაძემ გამოიჩინა, ხოლო მე-16 წუთამდე ლელოები მურაზ გიორგაძემ და გიორგი აფციაურმა მიითვალეს. ოთხიდან ორი გარდასახვა რევაზ ჯინჭველაშვილმა და რევაზ ბროძელმა გამოიყენეს. შესვენებამდე ქართველებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს, დუბლი ჯერ აფციაურმა შეასრულა, ხოლო შემდეგ ორ ჯერზე თავი ზაურ ხარებავამ გამოიჩინა და ტაიმი 41:3 დასრულდა.
მეორე ტაიმში საქმეში რეზერვი ჩაერთო და შედეგიანობამ ოდნავ იკლო, მაგრამ ამით ჩეხების საქმე არ გაიოლებულა. შეცვლაზე შესულმა ანზორ სიჭინავამ და 9 ნომერმა თეიმურაზ თუთბერიძემ ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, რაზეც ჩეხებმა ერთი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ დარჩენილ დროში თავი ჯერ ნათელაშვილმა, ხოლო ბოლოს ნიკოლოზ გიგაურმა გამოიჩინა. ჯამში გატანილი 7 გარდასახვიდან ერთი ჯინჭველაშვილის, ორი ბროძელის, ხოლო ოთხი აფციაურის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქე ესპანეთია, რომელმაც რუმინეთს 27:3 სძლია. ანგარიში რუმინელებმა გახსნეს, მაგრამ შესვენებამდე ორი ლელო და ერთი გარდასახვა მიიღეს. მეორე ტაიმში ესპანელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს, ბოლოს 3 ქულა ჯარიმით აიღეს და გამარჯვება მოიპოვეს.
კიდევ ერთ მეოთხედფინალში ბელგიელებმა რუსეთს 33:12 სძლიეს და ნახევარფინალში მასპინძელ პორტუგალიას ეთამაშებიან, რომელსაც დებიუტანტ პოლონეთის ძლევა გაუჭირდა - 18:17. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2014 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი ეტაპიცაა და ჰონკონგის საგზურს მხოლოდ ევროპის ჩემპიონი მოიპოვებს.
2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
პორტუგალია. ლისაბონი. 27 ოქტომბერი. მეოთხედფინალები
ბელგია - რუსეთი 33:12
ესპანეთი - რუმინეთი 27:3
საქართველო - ჩეხეთი 69:8
საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე (23. ირაკლი სვანიძე 36), 13. გიორგი ნათელაშვილი, 12. რევაზ ბროძელი, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი (22. ანზორ სიჭინავა 36), 9. თეიმურაზ თუთბერიძე (21. გიორგი ტალახაძე 45); 1. ზაურ ხარებავა (16. დავით ფხაკაძე 43), 2. გიორგი ტორაძე (17. ბადრი ალხაზაშვილი 36), 3. გიორგი მარგველანი (18. ბექა კაკაბაძე 43), 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესიკ ბარბაქაძე (19. ნიკოლოზ გიგაური 43), 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. საბა შუბითიძე, 8. დავით პაპავაძე (20. ჟორა მღებრიშვილი 45).
პორტუგალია - პოლონეთი 18:17
ნახევარფინალები. 30 ოქტომბერი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - ბელგია