ფეხბურთი

16:03 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელების გამოცდის წინ: კალენდარი, ჰოლანდიის მორიგი სტუმრობა, სიურპრიზები სხვა ჯგუფებში

როგორც იცით, 13-18 ნოემბერს თბილისში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის I საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური მატჩები გაიმართება. მე-11 ჯგუფში ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი ნაკრების მეტოქეები ჰოლანდია, უელსი და მოლდოვა იქნებიან.

სულ 13 ჯგუფია და ორი-ორი საუკეთესო გავა ელიტ-რაუნდზე, რომლებსაც კიდევ 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდება. ეს 28 ნაკრები 7 ჯგუფში გადანაწილდება, გამარჯვებულები კი ფინალურ ეტაპზე გავლენ, სადაც მასპინძელი უნგრეთი დაემატებათ.

13 ჯგუფიდან 9-ში დასრულდა მატჩები და საინტერესოა, რომ მესამე ადგილზე დარჩნენ ისეთი ნაკრებები, როგორებიც საფრანგეთი, იტალია და ხორვატია არიან.

მე-11 ჯგუფის კალენდარი:

13 ნოემბერი

14:00. მიხეილ მესხი. საქართველო-უელსი

15:00. დინამო არენა. ჰოლანდია-მოლდოვა

15 ნოემბერი

14:00. მიხეილ მესხი. საქართველო-მოლდოვა

15:00. დინამო არენა. ჰოლანდია-უელსი

18 ნოემბერი

15:00. დინამო არენა. მოლდოვა-უელსი

15:00. საქართველო-ჰოლანდია.

ჰოლანდიელებმა ბოლო თვეში ორი საკონტროლო მატჩი გამართეს თურქეთის ნაკრებთან გასვლაზე და ორივე მოიგეს: 3:1 და 1:0. ჰოლანდიელებს ვილ ვან ცვამი წვრთნის. რა შეხსენება გინდათ, 1995 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში და ჰოლანდია ამ ასაკში 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო მაისურაძის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა და სწორედ ჰოლანდიელებთან წააგო (0:2), ორივე გოლი ბოლო წუთებზე გაუშვა.

"ნარინჯისფერთა" იმ ნაკრებში გამორჩეული გახლდათ ნათან აკე, რომელიც ახლა "ჩელსიში" ირიცხება და 21-წლამდელებში თამაშობს. ორი ფორვარდი განსაკუთრებით საშიშია ამ გუნდში: რაი ვლუტი (პსვ) და ვესელ დამერსი ("ფეიენოორდი"). ისე, საქართველო-ჰოლანდია ერთმანეთს ძალიან "შეეჩვივნენ" ასაკობრივებში და სამწუხაროდ, სულ ჰოლანდია იგებს. 

ვასილ მაისურაძის გუნდი 4 ნოემბერს გადავა შეკრებაზე, ასე რომ, შემადგენლობასაც მალე შევიტყობთ.


0.128067