16 ივლისს, საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა და ნაშუადღევს ლიტვაში, კაუნასში გაემგზავრა.
დილით კი, გია ცეცაძის გუნდმა რიგის “დაუგავასთან“ შეკრების ბოლო ტესტ-მატჩი გამართა. პირველი ამხანაგური შეხვედრის მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ექვსი ბურთი გაუტანა, თუმცა, ჩვენს ფეხბურთელებს შეხვედრაში იმდენი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ჰქონდათ, რომ ანგარიში ასტრონომიული შეიძლებოდა ყოფილიყო.
არკადიას სპორტული კომპლექსის სტადიონი
19-წლამდელთა ნაკრები – “დაუგავა” 6:1 (1:1)
19-წლამდელებმა ნაკრები: მიქავა, მთივლიშვილი, სანდოხაძე, ნ.ჭანტურია, უბილავა, ცნობილაძე, ენდელაძე, მარკოზაშვილი, არაბული (კაპ.), ფანცულაია, ზივზივაძე.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ზარანდია, კაჭარავა, დვალი, გეგეჭკორი, სამუშია, გურეშიძე.
გოლები: ზივზივაძე (2), ფანცულაია, სამუშია, კაჭარავა, ზარანდია.
მატჩი საქართველოს ნაკრების აბსოლუტური კარნახით მიმდინარეობდა. შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.
პირველი ტაიმის მე-11 წუთზე, ზივზივაძე-მარკოზაშვილი-ფანცულაიას კომბინაცია ზივზივაძემ თავად დაასრულა – 1:0. სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო გაუთავებელი, სწრაფი, კომბინაციური შეტევები, რომლებიც გოლით არა და არ სრულდებოდა. ასპროცენტიანი საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს - არაბულმა, ფანცულაიამ, მარკოზაშვილმა, ცნობილაძემ...
ამის საპასუხოდ, მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში, თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეძლო. საკუთარ საჯარიმოში მეტოქე ნიკა სანდოხაძემ წააქცია.
გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თამაშს კვლავ უპირობოდ აკონტროლებდა. ჩვენი ფეხბურთელები მშვენივრად აგდებდნენ და უმატებდნენ ტემპს. თუმცა, პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდა ვეღარ მოვახერხეთ.
მეორე ტაიმი კი, ორი წუთის დაწყებული იქნებოდა, რომ შეტევაში მშვენივრად ჩართული მთივლიშვილის გამჭოლი გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ გოლად აქცია – 2:0. ამ გოლმა ჩვენი ნაკრები აშკარად “გახსნა“ და თამაშის ბოლომდე, რიგელთა მეკარეს კიდევ ოთხჯერ მოუწია საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა.
ანგარიში სამამდე გიორგი ფანცულაიამ გაზარდა, რომელიც საკუთარი ნახევრიდან გრძელი და უზუსტესი პასით მეკარესთან პირისპირ ნიკა ჭანტურიამ გაიყვანა. ამის შემდეგ, მოედანზე ახლადშესული გურამ სამუშიას ჯერი დადგა, რომელმაც ტრადიციას არ უღალატა და ეფექტური გოლი გაიტანა. ნიკა სანდოხაძის გადაცემის შემდეგ, ნაკრების მე-7 ნომერმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო – 4:1.
ამასობაში, ნიკა კაჭარავამაც გაილაღა. საჯარიმოში ცრუ მოძრაობებით შევიდა და გოლების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. წერტილი კი შეხვედრაში ლუკა ზარანდიამ საკმაოდ ეფექტურად დასვა. ნაკრების ყველაზე უმცროსმა წევრმა ბურთი თავისებურად ”მოიგდო“, საჯარიმოს ხაზთან შეგებებული ყველა ფეხბურთელი თვალის დახამხამებაში ჩამოიცილა და კარში ბურთიანად შევიდა – 6:1.
სასტუმროში დაბრუნებული ნაკრები კი, სადილის შემდეგ ავტობუსით კაუნასში გაემგზავრა და უკვე დღეს დილიდან, ევროპის ჩემპიონატის ფერხულში ჩაებმება. დაგეგმილისამებრ, 19-წლამდელები სასტუმრო „Park Inn Radisson“ – ში დაბინავდნენ, პირველი ლიტვური ვარჯიში კი, დილითაა დაგეგმილი.
სფფ-ის პრესსამსახური
კაუნასი, ლიტვა