მიუნხენის „ბაიერნს“ როგორც ჩანს, ლონდონში „ტოტენჰემის“ განადგურებამ აწყინა. ნიკო კოვაჩის გუნდმა მას შემდეგ ბუნდესლიგაში ორჯერ ითამაშა და კინკილა ქულა შემატა მონაგარს.
ორი კვირის წინ, „რეკორდმაისტერი“ მოულოდნელად შინ „ჰოფენჰაიმთან“ დაეცა (1:2), ახლა კი, „აუგსბურგს“ ესტუმრა, რომელიც ამ ტურამდე გასავარდნ ზონაში იყო 5 ქულით. მიუხედავად ამისა, მიუნხენელებმა გამარჯვება ვერ შეძლეს, თუმცაღა ახლოს იყვნენ სამ ქულასთან.
შეხვედრა „აუგსბურგისთვის“ ფანტასტიკურად, იდეალურად დაიწყო და პირველივე წუთზე წინ გავიდა. სტუმრებმა მალევე, რობერტ ლევანდოვსკის გოლით უპასუხეს, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე სერჟ გნაბრიმ „ბაიერნი“ დააწინაურა. კოვაჩის ბიჭებმა ანგარიშის გაზრდაც არაერთხელ სცადეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და მსაჯის კომპენსირებულ დროში აქეთ გაუშვეს. სწრაფი შეტევა ალფრედ ფინბოგასონმა ახლო მანძილიდან დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. შედეგად, „ბაიერნი“ 15 ქულით მესამე პოზიციაზეა. სხვათა შორის „ბაიერნს“ 8 ტურში 10 გოლი აქვს გაშვებული და ასეთი ცუდი შედეგი 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კი, დორტმუნდის „ბორუსიამ“ „გლადბახს“ უმასპინძლა, რომელიც აქამდე ერთპიროვნულად ლიდერობდა გათამაშებას, მაგრამ ახლა ლიდერის პოზიციას „ვოლფსბურგს“ უყოფს. ამის მიზეზი მიონხენგლადბახელთა მარცხია, რომელიც „დორტმუნდს“ ვერ გაუმკლავდა. გადამწყვეტი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში მარკო როისმა გაიტანა.
ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება, ბერლინის „უნიონმა“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა და აქამდე რიხით მოასპარეზე „ფრაიბურგს“ შინ დამაჯერებლად მოუგო. ბერლინელთა დარად უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში „დიუსელდორფმა“, რომელმაც „მაინცს აჯობა და სატურნირო ცხრილში გადაასწრო.
ლიდერთა ნუსხაში მყოფი „ლაიფციგისა“ და „ვოლფსბურგის“ დაპირისპირებაში გამარჯვებული არ გამოვლენილა. მასპინძლები ტიმო ვერნერის გოლით კარგა ხანს კი იგებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ ვეგორსტმა გაათანაბრა და გუნდებს ქულების გაყოფა მოუწიათ. ანალოგიური შედეგი და ანგარიში დაფიქსირდა ბრემენში, სადაც „ვერდერი“ ერთი საათი უგებდა „ჰერტას“, მაგრამ კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
ბუნდესლიგის მერვე ტური ხვალ ორი მატჩით დასრულდება. უკანაკსნელ ორ პოზიციაზე მყოფი „კიოლნი“ და „პადერბორნი“ ერთმანეთში გაარკვევენ ვიის ვითარება უფრო მძიმეა, ხოლო „შალკე“ ზინსჰეიმში „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრება.
„უნიონი“ – „ფრაიბურგი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ბულტერი (1), 2:0 ინგვარტსენი (84)
„აუგსბურგი“ – „ბაიერნი“ 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 რიჩტერი (1), 1:1 ლევანდოვსკი (14), 1:2 გნაბრი (49), 2:2 ფინბოგასონი (90)
„დიუსელდორფი“ – „მაინცი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ჰენინგსი (82)
„ლაიფციგი“ – „ვოლფსბურგი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ვერნერი (54), 1:1 ვეგორსტი (82)
„ვერდერი“ – „ჰერტა“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 სარგენტი (7), 1:1 ლუკებაკიო (70)
„დორტმუნდი“ – „გლადბახი“ (0:0)
გოლი: 1:0 როისი (58)