საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე (Erste Bank Open) მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი მეტოქე პირველ წრეში ფერნანდო ვერდასკო იქნება. ესპანელი და ქართველი ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ - 2018 წლის პეკინის ტურნირზე (სადაც ნიკოლოზი ჩემპიონი გახდა) და ბასილაშვილმა 7:6, 6:4 მოიგო.
ვენის 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირის პირველი ნომერი ავსტრიელი დომინიკ ტიმი იქნება, რომელიც პირველ წრეში ჩემპიონატზე ველური ბარათით მოხვედრილ ჟო-ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდება. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული კი ვერდასკოსა და ბასილაშვილს შორის საუკეთესოს შეხვდება. ტურნირის მეორე ნომერი კარენ ხაჩანოვია.
ვენის ტურნირზე ბასილაშვილს ქულები დასაცავი არ აქვს, რადგან გასულ წელს ნიკოლოზმა პირველივე მატჩი მომავალ ჩემპიონთან კევინ ანდერსონთან წააგო. ტურნირის საპრიზო ფონდი 2,433,810 ევროა.