იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ვიტორიო პოცოს შედეგი გაიმეორა და „სკუადრა აძურას“ თავკაცის რანგში ზედიზედ 9 თამაში მოიგო.
შესაბამისად, იტალიამ მიჯრით ცხრა მატჩში ბოლო 80 წელიწადში პირველად იმარჯვა. აპენინელებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში რვიდან რვა გამარჯვება იზეიმეს, იქამდე კი ამხანაგურ მატჩში აშშ დაამარცხეს.
მთლიანობაში იტალიას ბოლო 12 თამაშია არ წაუგია (10 მოგება, 2 ფრე). ბოლო მწვრთნელი, რომელმაც იტალიელებს ზედიზედ 9 შეხვედრა მოაგებინა, ვიტორიო პოცო იყო, ჯერ კიდევ 1938 წლის მაისიდან 1939 წლის მარტამდე. სხვათა შორის, მანჩინის აღნიშნულ მიღწევაზე კითხეს და რაზეც ხუმრობით უპასუხა, ახლა პოცომდე მხოლოდ ორი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მაშორებს, მაგრამ ევროპის ჩემპიონობასაც დავჯერდებოდიო.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა J ჯგუფში პირველი ადგილი და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის საგზური ოთხი დღის წინ გაიფორმა.