ფეხბურთი

0:52 | 14.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდია ფერზე მოვიდა

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი დასკვნით ფაზაში შედის. ახლა ყოველ ქულას ოქროს ფასი ედება.

რონალდ კუმანმა მართლაც დიდი სამუშაო გასწია ჰოლანდიის ნაკრებში. არეული გუნდი ფერზე მოიყვანა და ნელ-ნელა თავის ადგილზე, ევროელიტაში აბრუნებს. აი, ბელარუსთანაც დაამტკიცეს, რომ გაცილებით მაღლა იდგნენ მეტოქეზე. „ლივერპულის“ ჟორჟინიო ვეინალდუმმა დუბლი მიითვალა. ჯერ თავურით გახსნა ანგარში, მერე კი საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა ცხრიანში. ერთი საპასუხო კი სტანისლავ დრაგუნმა შეაგდო.

ბელარუსის ნაკრები ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან დიდი ალბათობით, გაზაფხულზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში სწორედ მიხაილ მარხელის გაწვრთნილ გუნდს შევხდებით.

მართალი გითხრათ, ბელარუსებმა ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვეს. თუმცა, ამან ცრუ ილუზიები არ უნდა შეგვიქმნას.

ამავე ჯგუფში, ტალინში, ესტონელების წინააღმდეგ, გერმანელებმა ლამის მთელი მატჩი უმცირესობაში ითამაშეს. მსაჯმა ემრე ჯანი უკვე მე-14 წუთზე გააძევა. მაგრამ ძალიან არათანაბარი კლასის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. იოაჰიმ ლიოვის შეგირდებს პრობლემა არ შექმნიათ. ილკაი გიუნდოგანმა დუბლი მიითვალა, ერთიც ლაიპციგელმა ტიმო ვერნერმა დაამატა.

C ჯგუფში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. 15-15 ქულით, პირველ-მეორე ადგილებს ჰოლანდია და გერმანია იყოფენ. მესამეზე 12 ქულიანი ჩრდილოეთ ირლანდიაა.

E ჯგუფში ყველაზე გაუგებარი სიტუაციაა. აქ ხუთიდან ოთხ ნაკრებს აქვს გასვლის შანსი. ახლა პირველ ადგილზე მყოფ ხორვატებს 14 ქულა აქვთ, მეორეზე მდგარ უნგრელებს - 12, მესამეზე 10 ქულიანი სლოვაკეთია, მეოთხეზე კი 8 ქულიანი უელსი. ამ ორ უკანასკნელს თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ბოლოზე კი აზერბაიჯანია 1 ქულით.

კვირას უნგრეთმა აზერბაიჯანს მიხაი კორჰუტის კინკილა გოლით მოუგო. უელსმა და ხორვატიამ კი გამარჯვებული ვერ გამოავლინეს (1:1). ნიკოლა ვლაშიჩის ადრეულ გოლს მასპინძელმა „დარკონებმა“ გარეთ ბეილის გასროლით უპასუხეს.

ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა. შესვენების შემდეგ კი, ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ამ შედეგზე ყაბულს იყვნენ. აღარც მომენტები შექმნილა. ეგ არის, ბოლოსკენ, ორივე მხრიდან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დაშავდნენ, ლუკა მოდრიჩს სულაც საკაცით გაყვანას უპირებდნენ, მაგრამ მინდორი ექიმების დახმარებით დატოვა. ფეხს იტკიებდა ბეილიც, თამაში კი ჩაამთავრა, მაგრამ მინდორი კოჭლობით დატოვა.

ბოლო ტურები ამ ჯგუფში ძალიან საინტერესო იქნება.

G ჯგუფში უფრო გარკვეულია ვითარება. პოლონეთმა თავისი შეხვედრა მოიგო და უკვე მოიპოვა ფინალური ეტაპის საგზური. იმარჯვა ავსტრიამაც, ახლა მეორე ადგილზეა და მესამე-მეოთხეზე მდგარ, 11 ქულიან ჩრდილოეთ მაკედონიას და სლოვენიას, 5 ქულით უსწრებს.

C ჯგუფი

ბელარუსი - ჰოლანდია 1:2

0:1, 0:2 ვეინალდუმი (32, 41), 1:2 დრაგუნი (54)

ესტონეთი - გერმანია 0:3

0:1, 0:2 გიუნდოგანი (51, 57), 0:3 ვერნერი (71)

გაძევება: ჯანი (გერმანია, 14)

E ჯგუფი

უნგრეთი - აზერბაიჯანი 1:0

1:0 კორჰუტი (10)

უელსი - ხორვატია 1:1

0:1 ვლაშიჩი (9), 1:1 ბეილი (45+3)

G ჯგუფი

პოლონეთი - ჩრდილოეთ მაკედონია 2:0

1:0 ფრანკოვსკი (74), 2:0 მილიკი (80)

სლოვენია - ავსტრია 0:1

0:1 პოში (21)

0.150732