ჩოგბურთი

13:48 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ჩინეთის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, პეკინის 500 ათასიანი ტურნირის პირველ შეხვედრაში, მსოფლიოს 22-ე ჩოგანს, არგენტინელ გვიდო პელას მოუგო და შემდეგ წრეში ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში სერბი დუშან ლაიოვიჩი სამ სეტში 4:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.

ნიკას, პელა ადრეც დაუმარცხებია. შარშან, ამერიკის ღია პირველობაზე ქართველმა არგენტინელს ოთხ სეტში სძლია. ამჯერად კი ორი სეტიც ეყო. თუმცა მეორეში გვარიანად გაუჭირდა.

თავიდან ორთავჯანი იყო. მოწინააღმდეგეები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ. ქართველს ბრეიკის შანსი მეხუთე გეიმში გაუჩნდა და გამოიყენა კიდეც. შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და პირველი სეტი 6:4 მოიგო.

მეორე სეტი გაცილებით რთული გამოდგა ქართველისთვის. არგენტინელმა მეოთხე გეიმში ჩვენიანის მოწოდებაც მოიგო, მაგრამ ნიკამ საპასუხო ბრეიკით მალევე გამოასწორა ვითარება.

საბოლოოდ, მეორე სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა. თავიდან ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ. პირველი მინი-ბრეიკი ბასილაშვილმა შეასრულა და 5:3 დაწინაურდა. იქვე მეორე მინი-ბრეიკიც მიაყოლა და შემდეგ პირველივე მატჩბოლი გამოიყენა.

შეხვედრა 1 საათი და 44 წუთი გაგრძელდა და ნიკამ 6:4, 7:6(7:3) მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ბასილაშვილია. შარშან ფინალში ნიკამ არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს მოუგო.

0.115125