საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტური თბილისური დერბით დაიწყო, რომელშიც „საბურთალომ“ „ლოკომოტივი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლაშია ჩართული, შეცდომის უფლება არ ჰქონდა, რადგან ბოლო ორ თამაშში მხოლოდ ქულა მოეპოვებინა. თავის მხრივ, მეტისმეტად ცუდი სერია აქვს „ლოკომოტივსაც“, რომელმაც ქულის მოპოვებას სამი თამაში მოანდომა.
გამოჩნდა, რომ „რკინიგზელებს“ მართლაც რთული პერიოდი უდგათ, რადგან „საბურთალომ“ საკმაოდ ადვილად და თითქმის ძალების დახარჯვის გარეშე მოახერხა მეტოქის ძლევა. მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტაიმში გიორგი კოხრეიძისა და იური ტაბატაძის გოლებით შეძლო წინ გასვლა, მეორე ნახევარში კი კოხრეიძემ ჯერ დუბლი შეასრულა, მერე ანტე გიმ სტუმართა რბევას წერტილი დაუსვა.
„საბურთალომ“ 54 ქულა დააგროვა, მაგრამ ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 4 ქულით ჩამორჩება და „დინამო თბილისსაც“ ჩამორჩება. „ლოკომოტივმა“ კი ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრის საკითხი კიდევ უფრო გაირთულა.
„საბურთალო“ – „ლოკომოტივი“ 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 კოხრეიძე (16), 2:0 ტაბატაძე (19), 3:0 კოხრეიძე (47), 4:0 ანტე გი (63)