გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში ძვირფასი ქულები დაკარგა დორტმუნდის „ბორუსიამ“, რომელმაც ფრანკფურტში ვერ მოიგო.
ლუსიენ ფავრის გუნდი ახლოს იყო მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებასთან, მაგრამ საბოლოოდ შინ მხოლოდ ქულით მოუწია დაბრუნება. აქსელ ვიტესის დასაწყისშივე გატანილი გოლი ანდრე სილვამ ტაიმის ბოლოს გაქვითა. პორტუგალიელმა „აინტრახტის“ მაისურით სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა. „დორტმუნდი“ მეორე ტაიმის შუაწელს ჯეიდონ სანჩომ ისევ დააწინაურა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე, დანიელმა ტომას დელანიმ საკუთარი კარი დალაშქრა და შეხვედრაც ფრედ, 2:2 დასრულდა. „დორტმუნდმა“ 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მესამე-მეშვიდე ადგილებს „ფრაიბურგთან“, „შალკესთან“, „გლადბახთან“ და „ლევერკუზენთან“ ერთად იყოფს.
„გლადბახმა“ კი მორიგი გამარჯვება „დიუსელდორფთან“ მძიმე ბრძოლაში შეძლო. სტუმრები მატჩის დასასწყისშივე დაწინაურდნენ და კარგა ხანს იგებდნენ, თუმცა შემდეგ საქმეში მარკუს ტურამი ჩაერთო. ლეგენდარული ლილიან ტურამის შვილი, რომელიც მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა და ეს დრო საკმარისი გამოდგა, რომ დუბლი შეესრულებინა და მატჩის გმირი გამხდარიყო.
„გლადბახი“ – „დიუსელდორფი“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 ადამსი (6), 1:1 ტურამი (74), 2:1 ტურამი (87)
„აინტრახტი“ – „დორტმუნდი“ 2:2 (1:1)
გოლები: 0:1 ვიტსელი (11), 1:1 ანდრე სილვა (43), 1:2 სანჩო (66), 2:2 დელანი (88, ა.გ)