ფეხბურთი

20:54 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„დუდელანჟი“ - გუნდმა, რომელსაც „საბურთალო“ ვერ შეხვდა, ისტორია დაწერა

ორიოდ დღის წინათ, „დუდელაჟი“ ისტორიაში შევიდა. ის პირველი ლუქსემბურგული კლუბი გახდა, რომელმაც ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება მოახერხა. შარშან ამ გუნდში ჩვენი ლევან ყენიაც თამაშობდა. მაგრამ ტრავმის გამო, მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

„დუდელანჟმა“ შარშანვე აალაპარაკა ევროპა, როცა საკვალიფიკაციო ეტაპზე ვარშავის „ლეგიას“ სენსაციურად სძლია და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. თუმცა, იქ თავი არაფრით გამოუჩენია. ექვსი მატჩიდან ხუთი წააგო და მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა „ბეტისთან.“ ცხადია, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ მთავარია რომ იმ ეტაპამდე გააღწია, ჩვენ რომ სანატრელი გვაქვს.

წლეულს კი დიდი შანსი იყო საკვალიფიკაციო პლეი ოფში „საბურთალოს“ შეხვედროდა. მაგრამ, ყველას მწარედ გვახსოვს საბურთალოელთა გაუგებარი მარცხი მეასამე რაუნდში, სომხურ „არარატ არმენისათან.“

პლეი ოფში კი „დუდელანჟმა“ „არარატ არმენიას“ მატჩისშემდგომი პენალტებით მოუგო 5:4 (ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - 1:2, 2:1).

შედეგად, ისინი A ჯგუფში მოხვდნენ „სევილიასთან,“ აპოელთან და „ყარაბახთან“ ერთად. და აი, 19 სექტემბერს ლუქსემბურგული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ფურცელი ჩაიწერა. ნიქოზიაში „დუდელანჟმა“ მასპინძელ აპოელს 4:3 მოუგო.

ეს გამარჯვება მით უფრო გასაკვირია, რომ ზაფხულში გუნდი საგრძნობლად გადახალისდა. „დიუდელანჟიდან“ ლამის ნახევარი გუნდი წავიდა და ამდენივე მივიდა. კიდევ, მატჩამდე ორი დღით ადრე, მთავარმა მწვრთნელმა, ემილი ფერერამ თანამდებობა დატოვა. ეს ამბავი „ჰოსტერთან“ დამარცხების შემდეგ მოხდა, რომელიც ლუქსემბურგის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. თუმცა, მიზეზი მხოლოდ ერთი მატჩის წაგება არ ყოფილა. „დუდელანჟმა“ სეზონი საკმაოდ სუსტად დაიწყო და ექვსი ტურის შემდეგ აუტსაიდერთა შორისაა მე-13 ადგილზე.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ბერტრან კრასონი გახდა, რომელიც სულ ერთი კვირაა, რაც გუნდში მივიდა. მანამდე ის ეგზოტიკური, ტაილანდური კლუბის „პოლიცია ტერო სასანას“ ახალგაზრგულ გუნდს ავარჯიშებდა.

თამაშის შემდეგ მან საინტერესო რამ თქვა: ყველაზე პატარა კლუბი ვართ ჯგუფში და მოგვწონს აუტსაიდერებად რომ ვითვლებით. ჩვენ ყველას პატივს ვცეთ, მაგრამ არავისი გვეშინია. თანაც არანაირ წნეხს არ ვგრძნობთ. ჩვენგან ხომ არავინ არაფერს ელისო.

ამ მოგების შემდეგ უეფას კოეფიციენტების ცხრილში, ლუქსემბურგმა ლატვიას, სომხეთს, მოლდოვასა და ირლანდიას გადაუსწრო და 35-ე ადგილზე დამკვიდრდა. ცნობისთვის, საქართველო ამ ცხრილში 44-ე ადგილზეა...

თეგებიდუდელანჟი
0.159475