საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე წრემ და კერძოდ, 28-ე ტურმა დღეს სტარტი ორი შეხვედრით აიღო და ორივეში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
ბოლნისში, „სიონმა“ „ტორპედოს“ უმასპინძლა და თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით სძლია. ბოლნისელთა რიგებში თავი ვეტერანებმა, დიმიტრი ტატანაშვილმა და ლევან ხმალაძემ გამოიჩინეს. სხვათა შორის, „სიონმა“ მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რადგან მოუგებელ სერიას როგორც იქნა, წერტილი დაუსვა, 30 ქულა დააგროვა და ერთი საფეხურით აღზევდა. „ტორპედო“ კი 40 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა.
„რუსთავმა“ კი თბილისის „ლოკომოტივს“ აჯობა. მეორე ტაიმის დასაწყისში ქავთარაძემ მასპინძლები დააწინაურა, რასაც მალევე „რკინიგზელთა“ ათი ფეხბურთელით დარჩენა დაემატა. მატჩის მიწურულს ქოჩლაძემ და კირკიტაძემ გოლები გაცვალეს და ვარლმა კილასონიას გუნდმა, რომელმაც მესამე წრეში დიდებულად ითამაშა, მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
„რუსთავი“ – „ლოკომოტივი“ 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ქავთარაძე (50), 2:0 ქოჩლაძე (74), 2:1 კირკიტაძე (81)
„სიონი“ – „ტორპედო“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (19), 2:0 ხმალაძე (52)