სხვა

11:20 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა

გუშინ ღამით ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები. გულშემატკივრებთან ერთად მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე.

წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებმა ათივე - 55, 60, 63, 67, 72, 77, 82, 87, 97, 130 წონით კატეგორიაში იასპარეზა. მათ შორის არაოლიმპიურ წონებში - 55 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ ჩემპიონობა მოიპოვეს, 97 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა გიორგი მელიამ , ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება ბრინჯაოს მედლით დააგვირგვინა მძიმე წონაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატისა და ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა იაკობ ქაჯაიამ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროსა, 1 ბრინჯაოს მედლით და გუნდური მესამე ადგილით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოს ნაკრების შარშანდელი მიღწევა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარმა 2 ბრინჯაოს მედალი შეადგინა.

ჩვენს მოჭიდავეებს, მწვრთნელებს, ფედერაციას, გულშემატკივრებს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთბაშად ორი ოქროს მედლის მოპოვება, რა თქმა უნდა, ისტორიული მნიშვნელობის შედეგია. ამას დაუმატეთ კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი და ორი ოლიმპიური ლიცენზია. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურს კიდევ რამდენიმე ჩვენი ფალავანი მოიპოვებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერად ასე არ მოხდა. ოლიმპიადაზე მედლები ექვს წონით კატეგორიაში თამაშდება, ჯერჯერობით კი მხოლოდ ორი ლიცენზიანტი გვყავს. დარჩენილ დროში ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სალიცენზიო ტურნირებზე კარგად გამოვიდეთ და ოლიმპიელთა რიგები შევავსოთ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს იმის პოტენციალი ნამდვილად აქვს, რომ გაისად სრული შემადგენლობით გაემგზავროს იაპონიაში," - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

http://geonoc.org.ge

0.119866