უეფამ გადაწყვეტილება მიიღო და ჩემპიონთა ლიგის ფინალის 2021, 2022, 2023 წლების მასპინძელი ქალაქები შეარჩია. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალური არაა, თუმცა, Sky Sports-ი ამის შესახებ დარწმუნებით იტყობინება.
წყაროს ცნობით, 2020-2021 წლების სეზონის მთავარი საკლუბო დაპირისპირება სანქტ-პეტერბურგში გაიმართება „კრესტოვსკი სთედიუმზე“, რომელიც 68 000 მაყურებელს იტევს. აღნიშნულ არენას ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობის პატივის პირველად ექნება, ხოლო აქამდე 2018 წლის მუნდიალის მატჩებს უმასპინძლა და ევრო 2020-ის შეხვედრებსაც მიიღებს. რუსეთში კი, ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2008 წელს ჩატარდა (მოსკოვში), როდესაც „მანჩესტერმა“ „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
გარდა ამისა, 2021-2022 წლების სეზონის ფინალს მიუნხენის „ალიანც არენა“ (ტევადობა 75 000) უმასპინძლებს, ხოლო 2022-2023 წლების სეზონის ფინალურ მატჩს ლონდონის „უემბლი“ (ტევადობა 90 000).
მიუნხენმა ბოლოს ფინალს 2012 წელს უმასპინძლა და „ჩელსიმ“ „ბაიერნი“ პენალტების სერიაში დაამარცხა, ხოლო „უემბლის“ ეს პატივი უკანასკნელად 2013 წელს ერგო და მაშინ „ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ 2:1 აჯობა. იქამდე კი, 2011 წელს, ასევე „უემბლიზე“ „ბარსელონამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 3:1 მოუგო.
გარდა ამისა, უნდა გამოვლინდეს 2020-2021 წლების სეზონის ევროპა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქიც და ეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რადგან სევილიასთან ერთად თბილისიც იბრძვის მასპინძლობისთვის. უეფას არჩევანის გაკეთება სწორედ ხსენებულ ორ ქალაქს შორის მოუწევს. თუმცა, ამ დროისთვის Sky Sports-ი და სხვა ევროპული წყაროები ევროპა ლიგის ფინალის შესახებ ცნობას არ ავრცელებენ.
უეფა ოფიციალურად გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში გაასაჯაროვებს. იქამდე კი, შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალს სტამბოლი უმასპინძლებს.