ჩემპიონთა ლიგს მონატრებული გათამაშება ბრუნდება. დღეს პირველი ტურის რვა მატჩი გაიმართება და დაიწყება მარათონულო ბრძოლა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის ხელში ჩასაგდებად. ვის გაუმართლებს და ვინ იქნება ევროპის ჩემპიონი კლუბებს შორის, ამას მხოლოდ დამდეგი წლის გვიან გაზაფხულზე გავიგებთ. მანამდე კი წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, სტატისტიკასა და მონაცემებს.
ეს იქნება 43-ე გათამაშება (ჩემპიონთა თასი/ლიგა) მას შემდეგ, რაც ასპარეზობა ჯგუფური ეტაპიდან იწყება. 32 გუნდიდან 11 მონაწილეობას ისეთი, რომლებმაც აქამდე აღნიშნული ტურნირის მოგება ერთხელ მაინც მოახერხეს.
გალაქტიკო - ცხადია, „რეალი“ ყველაზე მაღლა კლასიფიკაციაში და ჩემპიონი 13-ჯერ გახდა. მეორე ადგილზე „მილანია“(7 ტიტული, თუმცა არ მონაწილეობს). შემდეგ მოდიან „ლივერპული“ (6) და „ბარსელონა“/“ბაიერნი“ (5-5).
თასები - თუ უეფას ყველა ტურნირს გავითვალისწინებთ, მონაწილე გუნდებს ჯამში 114 თასი აქვთ მოპოვებული.
„რეალი“ – „რეალი“ აღნიშნულ სტატისტიკაშიც პირველია. 13 ჩემპიონთა ლიგა, 2 უეფას თასი და 4 ევროპის სუპერთასი, ჯამში 19 ტიტული. შემდეგ მოდიან „ბარსელონა“ (14) და „ლივერპული“ (13).
შიდა ტიტულები - კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელია შიდა ტიტულების მხრივ და გუნდების საერთო მონაგარი 473 ტიტულს უტოლდება.
„ოლიმპიაკოსი“ - პირველ ადგილზე ამ მხრივ „ოლიმპიაკოსია“, რომელმაც საბერძნეთის ჩემპიონატი 44-ჯერ მოიგო.
ქალაქელები - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდებიდან „მანჩესტერ სიტიმ“ გასული სეზონი ყველაზე მაღალი ქულების რაოდენობით დაასრულა და პრემიერლიგაში 98 ქულა მოიპოვა.
გოლები - „აიაქსი“ შარშან ყველაზე შედეგიანი გუნდი იყო, საშუალოდ თამაშში გატანილი 3.5 გოლით. ყველაზე ცოტას „შახტარი“ უშვებდა (0.34). მათზე უკეთესი შედეგი მონაწილე გუნდებიდან არავის აქვს.
სტადიონი - ყველაზე მეტი მაყურებელი გასულ სეზონში „კამპ ნოუს“ ესტუმრა. ლა ლიგის მატჩებში ჯამში 1.44 მილიონი მაყურებელი.
დებიუტანტი - ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი დებიუტანტი ჰყავს ბერგამოს „ატალანტას“ სახით. თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 დებიუტანტი ასპარეზობდა, მაგრამ ჯგუფში ვერცერთი მოხვდა. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ იყო.
წარმომადგენლობა - იტალია, ინგლისი, ესპანეთი და გერმანია 4-4 გუნდითაა წარმოდგენილი. შემდეგ მოდიან საფრანგეთი (3 გუნდი), ბელგია და რუსეთი (2-2 გუნდი). თითო წარმომადგენელი ეყოლებათ ავსტრიას, ხორვატიას, ჩეხეთს, საბერძნეთს, ჰოლანდიას, პორტუგალიას, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.
ტრანსფერები - 32 გუნდის მიერ განხორციელებული ტრანსფერების შედეგად, ზაფხულში ჯამში 2 მილიარდ 740 მილიონი ევრო დაიხარჯა. გაყიდვებით კი 2 მილიარდ 600 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.
მწვრთნელები - გუნდების 38%-ს შარშანდელი სეზონის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. 41% კი უცხოელი მწვრთნელებია.
მწვრთნელთა საშუალო ასაკი 50.8 წელია. ყველაზე ასაკოვანი იური სიმონია („ლოკომოტივი“) 72 წლის. მეორე ადგილზე ფათიჰ თერიმია („გალათასარაი“) 66 წლის და მესამეზე ლუსიენ ფავრი („დორტმუნდი“) 61 წლის.
ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი „ლაიფციგს“ ჰყავს - იულიან ნაგელსმანი (32 წლის). მეორე პოზიციაზე ფრენკ ლამპარდი („ჩელსი“, 41 წლის).
მწვრთნელი, რომელიც ყველაზე დიდი ხანია ერთ გუნდში მუშაობს, დიეგო სიმეონე, რომელიც „ატლეტიკოს“, 7 წელი, 8 თვე და 25 დღეა წვრთნის. ყველაზე ნაკლები სტაჟით ვალენსიელი ალბერტ სელადესი გამოირჩევა, რომელმაც „ღამურები“ რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი მწვრთნელებს შორის იტალიას ჰყავს - ოთხი (ანჩელოტი, სარი, კონტე და გასპერინი). ცხრა მწვრთნელს კი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება.
ჯგუფები - მოქმედი ფორმატით ჩემპიონთა ლიგა 2003-2004 წლების სეზონიდან ტარდება და ამ პერიოდში ტურნირს 16 გამარჯვებული ჰყავს. აღსანიშნავია, რომ 16-დან 6 ჩემპიონი (38%) F ჯგუფში თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ყველაზე იღბლიან ჯგუფში „ბარსელონა“, „დორტმუნდი“, „ინტერი“ და „სლავია“ თამაშობენ.
მაქსიმუმი - წარსულში ჯგუფური ეტაპი 6 გამარჯვებით 5 გუნდს (ერთ გუნდს ორჯერ) დაუსრულებია („მილანი“ 1992-1993, პსჟ 1994-1995, „სპარტაკი“ 1995-1996, „ბარსელონა“ 2002-2003, „რეალი“ 2011-2012, 2014-2015). თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ვერცერთმა მათგანმა ხსენებულ სეზონებში ტურნირი ვერ მოიგეს.
რეკორდმენი - Transfermarkt-ის მონაცემებით ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კილიან მბაპეა, რომელიც 200 მილიონ ევროდაა შეფასებული. შემდეგ მოდიან ნეიმარი (180), სალაჰი, აზარი, მესი და კეინი (150-150 მილიონი).
ფინალი - ფინალური მატჩი სტამბოლში „ათათურქზე“ გაიმართება, რომელმაც პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგის ფინალს 2005 წელს („ლივერპული“ – „მილანი“) უმასპინძლა. ფინალი 30 მაისს გაიმართება და ბოლო ფინალი, რომელიც 30 მაისს ჩატარდა 1984 წლით თარიღდება („რომა“ – „ლივერპული“). საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში გამარჯვებული „ლივერპული“ გახდა.