ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ფავორიტები დაასახელა.
„იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტნის აზრით, ყველაზე კარგ პოზიციაში „ბარსელონა“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან. აღსანიშნავია, რომ ალესანდრო თავის ყოფილ გუნდს მხოლოდ მეორე რიგში ხსენებული სამი გუნდის უკან ხედავს.
„რთულია ჩემპიონთა ლიგაზე პროგნოზის გაკეთება. ვფიქრობ, „ბარსელონა“, „ლივერპული“ და „სიტი“ ყველაზე წინ არიან. შემდეგ მოდის „იუვენტუსი“, რომელსაც გასული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე მეორე რიგში ვხედავ, თუმცა შემადგენლობით შესაძლოა ყველაზე ძლიერიც იყოს. აგრეთვე საყურადღებოა მადრიდის „რეალი“, რომელსაც აქვს პოტენციალი ჩვეულ დონეს დაუბრუნდეს.
„იუვე“? მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ საკმარისი არაა გამარჯვებისთვის. თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ შარშან მან ვერ გააკეთა იმდენი, რისთვისაც იყიდეს, მაგრამ წელს მჯერა უფრო მეტს გააკეთებს“, - აღნიშნა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დღეს და ხვალ გაიმართება.