ჭიდაობა

17:38 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო დღე მსოფლიო ჩემპიონატზე

წარუმატებელი გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელმაც მედლის გარეშე ჩაიარა.

97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელიას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა, მესამე ადგილისთვის მატჩი თურქ ჯენქ ილდემთან 1:4 წააგო. ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტი მხოლოდ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის ამარა დარჩა. ვთქვათ, რომ ჯერჯერობით საქართველომ ლიცენზია მხოლოდ აღნიშნულ წონაში მოიპოვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მელიამ ასპარეზობა 1/16 ფინალში დაიწყო, სადაც ჰონდურასელ კევინ მეხია კასტილიოს (5:0) მოუგო, შემდგომ ყაზახი იერუსლან ისკაკოვი 4:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ფრანგ მელონინ ნუმონვის (5:1) აჯობა. ნახევარფინალში გიორგიმ სომეხ არტურ ალექსანიანთან ბრძოლაში 1:3 წააგო. იმასაც გეტყვით, რომ ხსენებულ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს სერბეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ქაჯაია დაეუფლა.

დღეს იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) კვალიფიკაციაში ნორვეგიელ ოსკარ მარვიკსა (5:1) და მერვედფინალში რუმინელ ალინ ალექსუს ჩიურარიუს (9:0) აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალური ბარიერი ვერ დაძლია, რადგან ტიტულოვან თურქ რიზა ქაიასთან 1:5 წააგო. თურქმა ფინალში გასვლაც შეძლო და შესაბამისად, ქაჯაია ხვალ რეპეშაჟში ჩაერთვება, საიდანაც ბრინჯაოს მედლისა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლის შანსი ექნება.

დღესვე წარუმატებლად იასპარეზა დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ), რომელიც კვალიფიკაციის პირველივე შეხვედრაში ჩრდილოეთ კორეელ სე უნგ რისთან უშანსოდ, 1:10 დამარცხდა და ვინაიდან მისმა მძლეველმა მომდევნო შეხვედრა წააგო, ჩხარტიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა და ტოკიოს ოლიმპაიდის ლიცენზიის მოპოვება აღნიშნულ წონაში სამომავლოდ გადაიდო.

გელა ბოლქვაძემ (77 კგ) მერვედფინალში აზერბაიჯანელი ელვინ მურსალიევის (0:8) ბარიერი ვერ გადალახა. თავის მხრივ, მურსალიევი მერვედფინალში დამარცხდა და ბოლქვაძეს მედლისთვის ბრძოლის შანსი გაუქრო და როგორც 60 კგ წონით კატეგორიაში, აქაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაზე ზრუნვა საქართველოს ახლო მომავალში დაგეგმილ სხვა ტურნირებზე მოუწევს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ლაშა გობაძემ (82 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, თუმცა აღნიშნულ წონით კატეგორიებში ოლიმპიური ლიცენზიები არ თამაშდებოდა.

0.123713