ჭიდაობა

13:36 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაია მეოთხედფინალში, ბოლქვაძე და ჩხარტიშვილი კი პირველივე წრეში დამარცხდნენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნახევარფინალს მიღმა დარჩა იაკობ ქაჯაია (130 კგ).

ქართველმა ფალავანმა კვალიფიკაციაში ნორვეგიელ ოსკარ მარვიკსა (5:1) და მერვედფინალში რუმინელ ალინ ალექსუს ჩიურარიუს (9:0) აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალური ბარიერი ვერ დაძლია, რადგან ტიტულოვან თურქ რიზა ქაიასთან 1:5 წააგო. თურქი ნახევარფინალში გერმანელ ედუარდ პოპს ხვდება და თუ გაიმარჯვებს, ქაჯაია ხვალ რეპეშაჟში ჩაერთვება, საიდანაც ბრინჯაოს მედლისთვის და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლის შანსს მიიღებს.

კიდევ უფრო წარუმატებლად იასპარეზა დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ), რომელიც კვალიფიკაციის პირველივე შეხვედრაში ჩრდილოეთ კორეელ სე უნგ რისთან უშანსოდ, 1:10 დამარცხდა და ვინაიდან მისმა მძლეველმა მომდევნო შეხვედრა წააგო, ჩხარტიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა და ტოკიოს ოლიმპაიდის ლიცენზიის მოპოვება აღნიშნულ წონაში სამომავლოდ გადაიდო.

გელა ბოლქვაძემ (77 კგ) მერვედფინალში აზერბაიჯანელი ელვინ მურსალიევის (0:8) ბარიერი ვერ გადალახა. თავის მხრივ, მურსალიევი მერვედფინალში დამარცხდა და ბოლქვაძეს მედლისთვის ბრძოლის შანსი გაუქრო და როგორც 60 კგ წონით კატეგორიაში, აქაც ტოკიოს ოლიმიური თამაშების ლიცენზიაზე ზრუნვა საქართველოს ახლო მომავალში დაგეგმილ სხვა ტურნირებზე მოუწევს.

დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გიორგი მელია (97 კგ), რომელიც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქ ჯენქ ილდემს დაეჭიდება. აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ლაშა გობაძემ (82 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

0.120571