სხვა

14:28 | 16.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდების ტრიუმფის კვირა
კვირის შემაჯამებელი მიმოხილვა

გასულ კვირას თამამად შეძლება ვუწოდოთ ქართველი ახალგაზრდების ტრიუმფის კვირა. 12-წლიანი მოლოდინის შემდეგ როგორც იქნა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთბაშად ორი ქართველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის რანგში მოპოვებული მრავალი მედალი და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მიერ ლიხტენშტაინელი და აზერბაიჯანელი თანატოლების ძალმოსილად გვემაც ქომაგთათვის გასული კვირის დიად საამო ამბებად უნდა ჩაითვალოს

ნანატრი ოქროს მედალი!

გატყდა ნავსი და 12-წლიანი მოლოდინის შემდეგ საქართველომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალლები მოიპოვა. ყაზახეთში გამართულ უპრესტიჟულეს ტურნირზე 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოსპარეზე ნუგზარ წურწუმიამ მასპინძელ ხორლან ჟაკანშას უდავო უპირატესობით (9:0) სძლია და ჩვენს ქვეყანას ესოდენ ნანატრი ოქროს მედალი შესძინა.

წურწუმიას არც 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გობაძე ჩამორჩა, რომელმაც აზერბაიჯანელი რაფიქ ჰუსეინოვის ანგარიშით 5:3 ძლევით ქართველთა პირველი დღის ოქროს მონაგარი ორამდე გაზარდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება და ქართველ ქომაგებს იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ფალავნები მაღალი სინჯის მედლებით კიდევ გაგვანებივრებენ.

ფრით კმაყოფილება

ქართულ სპორტში გასული კვირის ერთ-ერთი უმთავრესი სპორტული მოვლენა ალბათ მაინც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიის საფეხბურთო ნაკრებთან თბილისში გამართული მატჩი იყო. ჩვენ ცხადია მაქსიმალისტები ვართ (არაფერია ამაში გასაკვირი) და სკანდინავიელებთან მოგებაზეც არ ვიტყოდით უარს, თუმცა დანიელებთან მიღწეული ნულოვანი ფრე საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა მაინც საკუთარ აქტივში ჩაიწერა. ალალი იყოს!

ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოსა და დანიის მატჩზე ევროპული მედიის გამოხმაურება. საქართველოს ნაკრების მიმართ ევროპელებს ცხადია განსაკუთრებული მოლოდინები ჯერ არ აქვთ და ბევრგან აღინიშნა, რომ ფრე მოულოდნელი შედეგი იყო. უფრო მეტიც - საქართველოს ნაკრები რომ ანგარიშგასაწევი ძალა ხდება ეს ყველამ აღიარა და თუკი ჩვენთან დაკარგული ორი ქულით დანიის ნაკრებს ევროპის ჩეპიონატზე მოხვედრაში პრობლემები შეექმნებათ, აი მერე იქნება რაც იქნება...

21-წლამდელთა მშვენიერი სტარტი

ეროვნულ ნაკრებზე კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოვიდა საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართული ორი მატჩის შემდეგ საკუთარი ქვეჯგუფის ლიდერია. მართალია გია ცეცაძის დამოძღვრილმა გუნდმა ჯერ მხოლოდ ლიხტანშტაინს (4:0) და ახლა უკვე აზერბაიჯანის 21 წლამდე ნაკრებს გასვლაზე მოუგო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბიჭებს ბურთის გორება კარგად გამოსდის, რაც მომავლის დიდ იმედს გვაძლევს.

ჯერ ყველაფერი წინაა და ცეცაძის გუნდს ბევრი წინააღმდეგობა ელის. დაახლოებით ერთ თვეში, კონკრეტულად კი 11 ოქტომბერს, ჩვენი 21 წლამდე ნაკრები დიდი გამოცდის წინაშე დადგება. შვეიცარიაში იქაურ ნაკრებთან თამაში ყველასთვის რთულია, თუმცა წარმატებული სტარტის შემდეგ არაფერია გამორიცხული და ახალგაზრდა ქართველ მობურთალებს მხოლოდ წარმატებები უნდა ვუსურვოთ.

ზაზა ფაჩულიას ცოლის სკანდალური განცხადება

გასულ კვირას ქართულ კალათბურთში მნიშვნელოვანი ბევრი არაფერი მომხდარა, მაგრამ სამაგიეროდ ერთობ სკანდალური განცხადება გააკეთა ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელის ცოლმა. საუბარია ზაზა ფაჩულიას მეუღლეზე თიკა ალავიძეზე, რომელმაც სოციალურ ქსელში საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მკაცრად გააკრიტიკა და მისი სიტყვებიდანაც მიხვდებით, რომ ფაჩულიების ოჯახში ქართული კალათბურთის ბოსებზე მაინცდამაინც დადებითი წარმოდგენის არ არიან.

"ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არდაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ. როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში, გადადონ თავი წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის, როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის!

უბრალოდ სირცხვილია და მე შემრცხვებოდა თქვეს ადგილას. შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა, მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათეხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე" - წერს თიკა ალავიძე-ფაჩულია.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ფაჩულიას მეუღლის კრიტიკას მალევე გამოეხმაურა:

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გეგმავს და განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახოს მათ მიერ განვლილი სპორტული გზა. დავაფასოთ და მომავალ თაობებს დავანახოთ, თუ რამხელა შრომისა და თავდადების ხარჯზე არის შესაძლებელი წარმატებების მიღწევა; რომ მხოლოდ თავიანთი პირადი სურვილების მეორე პლანზე გადაწევით, თავმდაბლობითა და სამშობლოს დიდი სიყვარულით არის შესაძლებელი მაღალი მწვერვალების დაპყრობა და ხალხის სიყვარულის მოპოვება!“ - ნათქვამია ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორ გაგრძელდება ეს დაპირისპირება არავინ იცის, თუმცა აღნიშნული ამბავი სავარაუდოდ კიდევ ჰპოვებს გაგრძელებას და იმედია, ქართული კალათბურთისთვის უარყოფითი შედეგით არ დასრულდება.

სოსო მათიაშვილის საერთაშორისო აღიარება

მსოფლიოს თასის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შოტლანდიასთან ზედიზედ ორი დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, ამ შეხვედრებს ერთი მნიშვნელოვანი, ჩვენთვის დადებითი გამოხმაურება მაინც მოჰყვა.

გასულ კვირას “ბორჯღალოსანი“ სოსო მათიაშვილი, ავტორიტეტულმა Ultimaterugby-მ კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის ერთადერთი წარმომადგენელია ე. წ. "მეორე დონის" ქვეყნებიდან. გამოცემა წერს - „მათიაშვილი გამორჩეული იყო შოტლანდიასთან მატჩში. მან 11 მცველი ჩამოიცილა და ბურთით ხელში 80-ზე მეტი მეტრი გაიარა“. იმედია, სოსო მათიაშვილი მოახლოვებულ მსოფლიო თასზეც ასახელებს ჩვენს ქვეყანას.

ევროპელებს შოთა არველაძე არ ავიწყდებათ

ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავი გასულ კვირას ისიც იყო, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ლეგენდარული ბომბარდირი შოთა არველაძე ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის რაფაელ ვან დერ ვაარტის გამოსამშვიდობებელ მატჩში მიიწვიეს და იქ შოთა ფეხბურთის არაერთ მსოფლიო ლეგენდის გვერდით ითამაშებს. შეხვედრა 13 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართება და ჰოლანდიელის მიწვევით არველაძე ვარსკვლავების გუნდში ითამაშებს.

შოთა არველაძე ამჟამად სამწვრთნელო კარიერასაა შეჭიდებული და თავის ტყუპისცალ არჩილთან ერთად შუა აზიაში მოღვაწეობს. ქართველი ქომაგისთვის რასაკვირველია სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი ვეტერანი მობურთალები ევროპელებს კვლავ ახსოვთ და მათ ოდინდელ სიჩაუქესა და გარჯას არ ივიწყებენ.

ახალგაზრდა ძიუდოისტთა ტრიუმფი ფინეთში

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ოქროს მედლები მოიპოვეს ყველა წონით კატეგორიაში, რომელშიც კი მონაწილეობდნენ. სულ შვიდი წონითი კატეგორიიდან ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა ხუთში იასპარეზეს და ხუთივეში ოქროები აიღეს.

ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი. კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია.

ქართველი გოლიათები იაპონიაში ძველებურად ვერ ჩაუქობენ

სამწუხაროდ კარგი ამბები არაა იაპონიიდან. საშემოდგომო ბაშოზე ორივე ქართველი გოლიათი - გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) და ტოჩინოშინი (ლევან გორგოძე) სასურველზე ბევრად უარესად ირჯება. გასული კვირის განმავლობაში აკი ბაშოზე განვლილ 9 დღეში გაგამარუს 3 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა, რაც ცხადია ცუდი შედეგია და თუკი თეიმურაზს სურს ბაშო საბოლოო ჯამში დადებითად დაასრულოს, დარჩენილი 6 შეხვედრიდან მინიმუმ 5 უნდა მოიგოს, რაც ურთულესი იქნება.

საშემოდგომო აკი ბაშოს მეცხრე დღის მიხედვით ასევე მძიმე მდგომარეობაშია ტოჩინოშინი, რომელმაც მართალია დღეს კომუსუბი ენდოს ძლია, მაგრამ მიმდინარე ბაშოზე მხოლოდ 4 მოგება აქვს, მარცხი კი ხუთჯერ იწვნია. აქედან გამომდინარე დარჩენილ შეხვედრებში (სულ 6 შეხვედრა დარჩა) ლევანმა მინიმუმ ოთხში უნდა გაიმარჯოს ესოდენ დიდი წვალებით მოპოვებული ოძეკის წოდება რომ შეინარჩუნოს. რთული საქმეა, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ მცხეთელი გოლიათი თავს არ დაზოგავს ოძეკად დასარჩენად. ერთი სიტყვით, წინ დიდი ვნებათეღელვით სავსე კვირა გველის!

იტალიის ბრწყინვალება და კრიშტიანუს ოთხგოლიანი მრისხანება

გასულ კვირას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა და ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. მაგალითად იტალიის ნაკრები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექვსი გამართული მატჩიდან ექვსივე გამარჯვებით უკვე ფინალურ ეტაპზეა. ასეთი ძლიერი “სკუადრა აძურა“ კარგა ხანია არ გვინახავს. იგივე ითქმის ინგლისზე. ხოლო პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე ლიეტუვა 5:1 გაანადგურა და კრიშტიანუმ მეტოქის კარი ოთხჯერ აიღო, შესაბამისად, პოკერი შეასრულა. როგორც ჩანს გადარეული პორტუგალიელი სანაკრებო სარბიელზე კიდევ აპირებს თავისი მრისხანე სიტყვის თქმას.

გარდა ამისა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ინგლისმა შინ კოსოვო 5:3 დაამარცხა. ბრიტანელთა რიგებში ორი გოლი ჯეიდონ სანჩომ გაიტანა. "დორტმუნდის" შემტევი ინგლისის ნაკრებში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 21-ე საუკუნეშია დაბადებული და გოლი გაიტანა. როგორც ჩანს მსოფლიო ფეხბურთში ახალი ეპოქა სანჩოთი დაიწყო!

რადაელ ნადალმა ამერიკისდიდი მუზარადიკიდევ ერთხელ „დაიფარა“

ამერიკის დიდი მუზარადის საჩოგბურთო ტურნირი გასულ კვირას ლეგენდარულმა რაფელ ნადალმა კიდევ ერთხელ მოიგო. ტურნირის ფინალში ნადალმა რუსი დანილ მედვედევი 7:5, 6:3, 5:7, 4:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში ამერიკის ღია პირველობა მეოთხედ და დიდი სლემის ტუნირი მეცხრამეტედ მოიგო. რაფა ფედერერს მხოლოდ ერთი ტურნირით ჩამორჩება. ამ ორი ტიტანის ტიტულმრავლობით ბრძოლა მიუხედავად მათი ასაკისა ჯერ კიდევ გრძელდება!

შარლ ლეკლერმა მონცაში ზედიზედ მეორედ იმარჯვა

გასულ კვირას დიდი ამბები მოხდა “ფორმულა 1“-შიც. “ფერარზე ამხედრებულმა“ წარმოშობით მონაკოელმა მრბოლელმა შარლ ლეკლერმა ზედიზედ მეორე რბოლა მონცას (იტალია) სწრაფ ტრეკზე, “მერსედესის“ ლიდერ მრბოლელებთან უშეღავათო ბრძოლაში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ 2010 წლის შემდეგ ეს “ფერარის“ პირველი გამარჯვებაა საშინაო ტრეკზე. იტალიურ ჯახში მეორე და მესამე ადგილები ვალტერ ბოტასმა და ლუის ჰამილტონმა დაიკავეს და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ფინელმა მრბოლმა ჩემპიონატში ჩამორჩენა სამი ქულით, 62 ქულამდე შეამცირა.

ესპანეთმა ღირსეულად იპირველა

ბევრისათვის მოულოდნელად ნაკლებად დამაინტრიგებელი და ადვილად პროგნოზირებადი გამოდგა საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, სადაც ესპანეთის ნაკრებმა არგენტინას იოლად ძლია და დამსახურებულად მოიპოვა ისტორიაში მათთვის მეორე ოქროს მედლები. შეხვედრის შედეგი 95:75 პრაქტიკულად ასახავს იმ რეალობას, რაც ამჟამად სანაკრებო კალათბურთში არსებობს და ისიც დასტურდება, რომ როდესაც აშშ-ს მათთვის სამარცხვინო მეშვიდე ადგილი უპყრია და არგენტინა სათანადო წინააღმდეგობას ვერ სწევს, ესპანეთი უალტერნატივოა.

ესპანელთაგან საუკეთესო, 20 ქულის ჩამგდები რიკი რუბიო იყო, არგენტინელმა ლუის სკოლამ კი მთელს ტურნირზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაში ფინალში გააუფერულა, რაც ლათინოამერიკელებს მათთვის ესოდენ სამწუხარო და მძიმე მარცხად დაუჯდათ.

0.116484