ძიუდო

20:55 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკური შედეგი ევროპის ჩემპიონატიდან: 6 ოქროს მედალი და გუნდური პირველი ადგილი!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ქართველმა სპორტსმენებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ჩემპიონატზე შესაშური შედეგი აჩვენეს და ჯამში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველებმა მედლის მოპოვება ყველა წონით კატეგორიაში შეძლეს, სადაც კი წარმომადგენელი ჰყავდათ. ასპარეზობის ბოლო დღე ილია სულამანიძისა (-100 კგ) და გელა ზაალიშვილის (+100 კგ) ოქროს მედლებით დაგვირგვინდა. იქამდე, აგრეთვე შეჯიბრის დასკვნით დღეს, 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს ლაშა ბექაური, ხოლო მიხეილ ბექაური ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გარდა ამისა, გუშინ და გუშინწინ ოქროს მედლებს დაეუფლნენ გიორგი თუთაშვილი და ტატო გრიგალაშვილი, ხოლო ვლადიმერ ახალკაცმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩინებულად იასპარეზა გოგონათა ნაკრებმაც, რომელსაც ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, მარიამ ჭანტურია კი ბრინჯაოს მედალს შესწვდა.

აღსანიშნავია, რომ სულ შვიდი წონითი კატეგორიიდან ქართველები ხუთში მონაწილეობდნენ და ოქროს მედალი ყველაში მოიპოვეს!

ცხადია, ასეთი ფანტასტიკური შედეგებიდან გამომდინარე, საქართველომ გუნდურ ჩათვლაში 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა.

0.117854