ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გიორგი თუთაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
ფინეთის ქალაქ ვანტააში ჩემპიონატის დღეს დაიწყო. პირველ საშეჯიბრო დღეს, ეთერ ლიპარტელიანმა 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ხორვატი დორა ბორტაში დაამარცხა. მეოთხედფინალში ეთერმა ჰოლანდიელ პლეუნი კორნელისეს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში - სეია ბალჰაუსს. ფინალში ლიპარტელიანმა იტალიელი სილვია პელიტერი დაამარცხა. 12 სექტემბერს ტატამზე გავიდა ნატალია ყიფშიძე (-48კგ), თუმცა პირველივე შეხვედრაში რუს ალინა სერგეევასთან დამარცხდა.
66 კილოგრამამდე წონიტ კატეგორიაში ლუკა კაპანაძემ პირველ წრეში პორტუგალიელი ბრუნუ ბაროში დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში კი მოლდოველ ადილ ოსმანოვთან წააგო. აღნიშნულ წონაში გიორგი თუთაშვილმა პირველ წრეში სლოვენიელ ურ კლოპჩიჩს მოუგო, მეორე წრეში კი - ლატვიელ არტიომს გალაკტიონოვსს. მეოთხედფინალში გიორგიმ ჰოლანდიელი ივო ვერჰორსტერტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თუთაშვილმა აზერბაიჯანელ იბრაჰიმ ალიევს მოუგო. გადამწყვეტ დაპირისპირებაში ქართველმა ძიუდოისტმა ადილ ოსმანოვი დაამარცხა, რომელმაც მერვედფინალში ასპარეზბიდან ლუკა კაპანაძე გამოთიშა.
13 სექტემბერს ტატამზე გავლენ მარიამ ჭანტურია (-70კგ), ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი (ორივე -81კგ). შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 17:30 საათიდან.