ფეხბურთი

15:08 | 9.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინის შესანიშნავი სტარტი "სკუადრა აძურაში"

იტალიის ნაკრებმა ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო და რობერტო მანჩინიმ ფერუჩიო ვალკარეჯისა და ჯოვანი ტრაპატონის მიღწევები გაიმეორა.

„სკუადრა აძურამ“ მიყოლებით დაამარცხა აშშ (სპარინგიში), ფინეთი, ლიხტანშტაინი, საბერძნეთი, ბოსნია, სომხეთი და ფინეთი (ოფიციალურ მატჩებში) და გაირკვა, რომ ბოლოს „აძურის“ მსგავსი ჩინებული სერია 2003 წელს ტრაპატონის ხელმძღვანელობით ჰქონდა, ხოლო იქამდე ვალკარეჯის პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ ახლა მანჩინის ზედიზედ ორი მოგება სჭირდება, რომ ვიტორიო პოცოს მიღწევა გაიმეოროს, რომელიც იტალიის ნაკრებში დღემდე საუკეთესო სერიაა - ზედიზედ 9 გამარჯვება.

რაც შეეხება უშუალოდ საწყის 15 მატჩს, მანჩინი მეოთხე პოზიციას იკავებს 9 მოგებით, ოთხი ფრითა და ორი წაგებით. ჩამორჩება რა, მხოლოდ აძელიო ვიჩინის, ჯოვანი ტრაპატონის (ორივეს 10 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება) და არიგო საკის (9 მოგება, 5 ფრე, 1 წაგება). მანჩინის დარად 15 თამაშის შემდეგ იგივე შედეგი ჰქონდათ ანტონიო კონტესა და ჩეზარე პრანდელის.

შეგახსენებთ, რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა და „სკუადრა აძურას“ პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სადებიუტო შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 5 თამაში მოიგო (ახლა უკვე ექვსი).

იტალია ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა, რადგან 6 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და მომდევნო ტურში შინ საბერძნეთთან გამარჯვების შემთხვევაში ვადაზე ადრე ოფიციალურად მოიპოვებს ევროფორუმის საგზურს.

0.115353