ჩოგბურთი

16:49 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა ჩამოქვეითდა

საინტერესო ვითარებაა ამერიკის ღია პირველობაზე ქალთა რეიტინგში პირველი ჩოგნის გამორკვევის მხრივ. ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული და მოქმედი პირველმეჩოგნე, იაპონელი ნაომი ოსაკა, შარშანდელი ტიტულის ქულების გამოკლების შემდეგ, ეშლი ბართის, კაროლინა პლიშკოვას და სიმონა ჰალეპის მდევარი აღმოჩნდა.

მოწინააღმდეგეები რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოშორებოდნენ შეჯიბრს, ხოლო იაპონელი შორს უნდა გასულიყო ტურნირზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჰქონდა ოსაკას მცირე შანსი რეიტინგის სათავეში დარჩენისა. მაგრამ, უეცრად ყველაფერი თავისთავად დალაგდა.

ჯერ იყო და, მეორე ტურში ჰალეპი მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა ამერიკელი ტეილორ თაუნსენდისგან, რომელთანაც წააგო კიდეც მესამე სეტში ტაი-ბრეიქით.

შემდეგ, მერვედფინალში ბარტი და პლიშკივაც დაემშვიდობნენ ტურნირს. ანუ, ოსაკას ძალიან რთული, მაგრამ კონკრეტული ამოცანა დარჩა გადასაწყვეტი - ტიტულის დაცვის შემთხვევაში, ის პირველ ნომრად რჩებოდა.

წინა შეხვედრები მას მაინცდამაიც რთული არ ჰქონია. პირველ ტურში მხოლოდ ერთი სეტი დათმო ტაი-ბრეიქზე რუს ანა ბლინკოვასთან. მერე პოლონელ მაგდა ლინეტს მოუგო და 15 წლის ამერიკელ კოკო გაუფს გადაეყარა.

გაუფმა მძლავრად დაიწყო, რუსი ანასტასია პოტაპოვა და უნგრელი ტიმეა ბაბოში დაამარცხა. ამისდაკვალად, ანა კურნიკოვას 23 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა. მაშინ ამავე ასაკის ანაც, US Open-ის მესამე წრეში გავიდა.

ოსაკა-გაუფის შეხვედრა კი ყველას მათი ერთობლივი ქვითინით დაამახსოვრდა. მატჩის შემდეგ (6:3, 6:0), დამარცხებულმა გაუფმა ტირილი დაიწყო. ოსაკამ მისი დამშვიდება სცადა და თავადაც აქვითინდა...მაყურებელს ძალიან მოსწონს ხოლმე მსგავსი ემოციები.

ახლა, ტიტულის დაცვა მხოლოდ ნაომიზე იყო დამოკიდებული. მაგრამ მეოთხე წრე მისთვის საბედისწერო გამოდგა. ის შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან დამარცხდა (7:5, 6:4) და საათნახევარში დაკარგა პირველი ადგილი. ორშაბათიდან კლასიფიკაციაში ის მესამე საფეხურზე ჩაინაცვლებს, ავსტრალიელი ბართისა და ჩეხი პლიშკოვას შემდეგ.

„ბენჩიჩს საგანგებო გეგმა ჰქონდა ამ მატჩისთვის. ახლა არ მინდა ვისაუბრო რა შეცდომები დავუშვი. ვეცდები პოზიტიურად ვიაზროვნო. მუხლი ჯერ კიდევ ცინცინატიში დავიზიანე. თუმცა ნელ-ნელა უკეთ ვგრძნობ თავს.

ვერ ვიტყვი, რომ ტრავმა გახდა ჩემი მარცხის მიზეზი. მანამდე ხომ სამი მატჩი ჩავატარე.

ძალიან საწყენია ტიტულს რომ ვეღარ დავიცავ, მაგრამ საჭირო დასკვნები უნდა გამოვიტანო და უკეთ მოვემზადო.“ - უთხრა მერე ოსაკამ US Open-ს პრესსამსახურს.

ეს უკვე ქალთა პირველი ჩოგნის მეოთხე ცვლილებაა მიმდინარე წელს. მაგრამ, ეს არცთუ ბევრია, თუკი 20217 წელს გავიხსენებთ, როცა „პირველი ლედი“ შვიდჯერ შეიცვალა.

0.114795