ხელბურთის საკლუბო სეზონი ოფიციალურად დაიწყო. რუმინეთის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის ახალმა კლუბმა, რეშიცამ ფრედ, 23-23 ითამაშა ბუზაუსთან.
თევზაძეს ამ მატჩში ბიუროკრატიული მიზეზის გამო არ უთამაშია - მიუხედავად იმისა, რომ 38 წლის მეკარე 10 წელიწადზე მეტია, რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობს, ახალ კლუბში გადასვლისას ყველა უცხოელ მოთამაშეს ხელახლა სჭირდება მუშაობის უფლების მოპოვება და თევზაძეც საბუთს ელოდება.
შოთა რეშიცაში უკვე თამაშობდა 2015-17 წლებში, მაგრამ 2017 წლის პირველ ნახევარში კლუბი გაკოტრდა და თევზაძეც ფოჩანიში გადავიდა, სადაც ორსეზონნახევარი გაატარა, ახალი სეზონის წინ კი დაბრუნდა რეშიცაში, რომელმაც შარშან კვლავ მოიპოვა რუმინეთის ეროვნული ლიგის საგზური.
შოთა თევზაძე: - რეშიცა 1+1 კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ მე ერთწლიანი ვარჩიე.
- რატომ, ამ სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას ხომ არ აპირებ?
- ჩემ ასაკში არაფერია გამორიცხული და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ფიზიკურად როგორ ფორმაში ვიქნები და ტრავმებს თუ ავირიდებ თავიდან. არ დაგიმალავთ და იმაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ნაკრები როგორ შედეგს აჩვენებს მსოფლიოსა და ევროპის მომავალ შესარჩევ ტურნირებში.
წილისყრა უკეთესიც შეიძლებოდა გვქონოდა, მაგრამ ბრძოლას ვაპირებთ. ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ფინეთი და მთავარ შესარჩევ რაუნდში უნდა მოვხვდეთ. ეს იქნება, ელიტაში, 32 უძლიერეს გუნდში დაბრუნება და იანვარში ამ ამოცანის შესრულება აუცილებელია.
იანვარშივე იტალიაში გველის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი ვარიანტებიდან ორი უძლიერესი გუნდი შევხვდა - რუმინეთი და იტალია. მესამე მეტოქეა კოსოვო. ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ფორმაში ვიქნებით იანვარში - ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ყველანი მზადყოფნაში ვიყოთ და ტრავმის გამო არავინ დაგვაკლდეს.
საერთოდ, ახალ სეზონის იმედით ვუყურებ: უკვე მონპელიეს ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს გიორგი ცხოვრებაძე; ძალიან კარგ კლუბში, სკოპიეს მეტალურგში მოხვდა ირაკლი კბილაშვილი; ისლანდიაშია გიორგი დიხამინჯია, უნგრეთში - თემო ორჯონიკიძე, პორტუგალიის ლიგაში გადავიდა ერეკლე არსენაშვილი. ამათ დაგვამატეთ მე, რეზო ჭანტურია, ირაკლი ჩიქოვანი, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა თუ საშუალო თაობის ხელბურთელი და საკმაოდ ძლირი გუნდი უნდა გვყავდეს. ეს დავამტკიცეთ კიდეც ივნისში, ერთა ჩემპიონატზე და უფრო სერიოზულ დონეზე სათამაშოდაც მზად ვართ!
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
ოქტომბერი 2019-იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ პლეიოფში
1 ჯგუფი. ლიტვა, სლოვაკეთი, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი - ლიტვაში
2 ჯგუფი. ისრაელი, საბერძნეთი, ფინეთი, კვიპროსი - მიმოსვლით, ორ წრედ
3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო - იტალიაში
4 ჯგუფი. თურქეთი, ბელგია, ესტონეთი - თურქეთში
ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი
ოქტომბერი 2019-იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში
საქართველო-ფინეთი - ორი მატჩი, მიმოსვლით, 2020 წლის 19-26 იანვარს
ლუქსემბურგი - ესტონეთი, კვიპროსი - ბელგია