ჩოგბურთი

18:50 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი გვიან ღამით ითამაშებს
მანამდე, საქმეში კალაშნიკოვა ჩაერთვება

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიუ იორკში მიმდინარე აშშ-ს ღია პირველობაზე მე-3 წრის მატჩს დღეს გვიან ღამით ჩაატარებს.

მე-17 ნომრად განთესილი ბასილაშვილმა გზიდან უკვე ჩამოიცილა უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი და ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი, ამჯერად კი, მისი მეტოქე გერმანელი დომინიკ კოეპფერი იქნება.
ქართულ-გერმანული დაპირისპირება გრანდსტენდზე რიგით მე-4 წყებაში, ფრანგი ფიონა ფეროსა და ჩინელი ქიან ვანგის მატჩის შემდეგ დაიწყება, ეს კი, დაახლოებით 24:00 საათიდან იქნება.
შეგახსენებთ, რომ US Open-ის შარშანდელ გათამაშებაში ნიკოლოზმა მერვედფინალამდე მისვლა შესძლო და თუკი იგივე ახლაც გაიმეორა, 180 სარეიტინგო ქულას დაიცავს, შემდეგ წრეში კი, რუს დანიილ მედვედევსა და ესპანელ ფელისიანო ლოპესს შორის უმჯობესს შეხვდება.
ცნობისთვის, ATP-ს ლაივ-რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელს უკვე 1 895 ქულა აქვს და მისთვის სარეკორდო მე-15 ადგილზე იმყოფება, კოეპფერის დამარცხების შემთხვევაში კი, შესაძლოა, მე-14 პოზიციაზე აინაცვლოს (ამისთვის, საჭიროა, ბელგიელი დევიდ გოფინი დამარცხდეს).
დღესვე, უკვე 19:00 საათიდან ჩაერთვება საქმეში ოქსანა კალაშნიკოვა, რომლის მეწყვილეც ეკატერინა ალექსანდროვა იქნება. ქართველი და რუსი ჩოგბურთელები პირველ წრეში ამერიკელ მედისომ ბრენგლესა და იაპონელ ენა შიჰაბარას ეთამაშებიან.

0.154584