ფეხბურთი

14:23 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ამბების მოლოდინი კოპაზე: "ფლამენგო" 35 წლის შემდეგ ნახევარფინალში, "ბოკა" რევანშისთვის ემზადება

კოპა ლიბერტადორესის 2019 წლის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის და ნახევარფინალი პრაქტიკულად დაკომპლექტდა. ყოველშემთხვევაში, ოთხეულიდან სამი გუნდი ცნობილია.

„გრემიოს“ დღეს გამთენიისას „ბოკა ხუნიორსი“ და „ფლამენგო“ შეუერთდნენ. სწორედ ბრაზილიური გუნდით დავიწყოთ, რომელმაც მეოთხედფინალში „ინტერნასიონალის“ ბარიერი დაძლია.

საერთოდ, „ფლა“ მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ და ამის თქმის უფლებას გუნდის შემადგენლობა გვაძლევს. თავად განსაჯეთ, ბრაზილიური გრანდის რიგებში ევროპა გამოვლილი არაერთი ფეხბურთელი თამაშობს - დიეგო ალვეში („ვალენსიას“ ექსმეკარე), რაფინია („ბაიერნის“ ექსმცველი), ფილიპე ლუისი („ატლეტიკოს“ ექსმცველი), ჟერსონი („ფიორენტინასა“ და „რომას“ ექსნახევარმცველი), გაბრიელ ბარბოსა, იგივე გაბიგოლი („ინტერის“ ყოფილი ფორვარდი). არიან სხვა საინტერესო ფიგურებიც, მაგალითად როდრიგო კაიო, ევერტონ რიბეირო, ბრუნო ენრიკე და გონსალო დე არასკაეტა. მთავარი მწვრთნელიც გამოცდილია, პორტუგალიელი ჟორჟე ჟესუსი. მოკლედ, „ფლამენგოს“ მართლაც ყველაფერი აქვს, რომ ნანატრი ტიტული მოიპოვოს, რომელიც ისტორიაში ერთადერთხელ, 1981 წელს მოუგია.

„ფლამენგოს“ პირველი მატჩი „მარაკანაზე“ ბრუნო ენრიკეს დუბლით 2:0 ჰქონდა მოგებული და პორტუ ალეგრიში კომფორტული უპირატესობით ჩავიდა. თუმცა, „ინტერნასიონალიც არ აპირებდა დანებებას და ბრძოლაც გამართა. 62-ე წუთზე როდრიგო ლინდოსომ ანგარიში გახსნა და მასპინძლებს იმედი ჩაუსახა. მერე კი, სტუმართა კონტრშეტევა გაბიგოლმა გოლით დაასრულა (85-ე წუთზე) და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ფლამენგომ“ ორი მატჩის ჯამში 3:1 იმარჯვა და ნახევარფინალში კიდევ ერთი ბრაზილიური დერბი ელოდება, ამჯერად „გრემიოსთან“. სხვათა შორის, „ფლამენგო“ კოპა ლიბერტადორესის ნახევარფინალში 35-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

ნახევარფინალში გავიდა „ბოკა ხუნიორსიც“. შარშანდელი ფინალისტი, რომელსაც „ლდუ კიტო“ სტუმრად 3:0 ჰყავდა დამარცხებული და ბუნებრივია, „ბომბონერაზე“ ესოდენ დიდი ფორა არ გაუნიავებია. ბუენოს აირესში გოლი არ გასულა, თუმცა, ეს არგენტინელთა შედეგს არ აკნინებს.

ვთქვათ ისიც, რომ თუ „ფლამენგო“ ნანატრ ტიტულს უმიზნებს, „ბოკა“ ღირსების აღდგენისთვის და დიდი რევანშისთვის ემზადება. საქმე ისაა, რომ ნახევარფინალში დიდი ალბათობით, მოსისხლე მტერ „რივერ პლეიტს“ შეხვდება, რომელთანაც გასულ სეზონშ ფინალში წააგო. თავის მხრივ, „რივერს“ „სერო პორტენიო“ შინ 2:0 ჰყავს დამარცხებული და თუ პარაგვაიში უფრო დიდი ანგარიშით არ წააგებს ნახევარფინალში გავა. ეს მატჩი 30 აგვისტოს, ჩვენი დროით გამთენიისას შედგება, ხოლო ნახევარფინალი ოქტომბრის დასაწყისსა და მიწურულს გაიმართება.

„ბოკა ხუნიორსი“ – „ლდუ კიტო“ 0:0 (0:0) - პირველი მატჩი: 3:0

„ინტერნასიონალი“ – „ფლამენგო“ 1:1 (0:0) - პირველი მატჩი: 0:2

გოლები: 1:0 ლინდოსო (62), 1:1 გაბრიელ ბარბოსა (85)

0.601532