როგორც უკვე ვიუწყებოდით, აშშ-ს ღია პირველობის ძირითადი ბადის მე-2 წრეში მარიამ ბოლქვაძე მე-3 ნომრად განთესილ ჩეხ კაროლინა პლისკოვასთან 1:6, 4:6 დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
შეხვედრის არბიტრმა მარიამისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ, მას ქართულად მადლობა გადაუხადა, რითაც ჩვენებური ფრიად გააკვირვა. ცნობისთვის, გასული შეხვედრის მსაჯი ავსტრალიელი ჯონ ბლომი გახლდათ და მისი საქციელი სასიამოვნო და დასაფასებელი იყო.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბოლქვაძის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა პლისკოვამაც, რომელსაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა მე-2 სეტში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და ბრეიკიც კი განახორციელა. ჩეხმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ვფიქრობ, რომ მე-2 სეტში ის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ზუსტად არ ვიცი ბოლქვაძე რამდენი წლისაა, მაგრამ ფაქტია, რომ განვითარების შანსი აქვს. ცხადია, რომ ამგვარი მატჩები მას ძალიან სჭირდება. ასეთ კორტზე და ასეთ დონეზე თამაში მას გამოცდილების მიღებაში დაეხმარება”.