ფეხბურთი

16:18 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ლიბერტადორესი - პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია (+VIDEO)

ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. სან პაულუში „პალმეირასმა“ „გრემიოს“ უმასპინძლა და ფავორიტადაც ითვლებოდა. გარდა იმისა, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდი გაცილებით კარგ ფორმაში იყო, ვიდრე „გრემიო“, ერთი კვირის წინ სტუმრად გუსტავო სკარპას გოლით მოგებულიც ჰქონდა (1:0).

„ესტადიო მუნისიპალზეც“ ყველაფერი „მწვანეებისთვის“ შესანიშნავად დაიწყო. მე-14 წუთზე მოსკოვის „სპარტაკის“, „მილანისა“ და დონეცკის „შახტარის“ ყოფილმა ფორვარდმა ლუის ადრიანომ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა, ანგარიში გახსნა და ორი მატჩის ჯამში „პალმეირასი“ 2:0 დაწინაურდა.

თუმცა, სულ მალე მასპინძლებისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა. კოპა ამერიკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მიჩნეულმა ევერტონმა 4 წუთში მახვილი კუთხიდან გაათანაბრა, ხოლო 22-ე წუთზე დიდებული დრიბლინგით მეკარესთან პირისპირ გავიდა. მართალია, ევერტონს ვევერტონმა დაასწრო, მაგრამ დამატებაზე ალისონმა იხეირა და უკვე „გრემიო“ გაიჭრა წინ. სკოლარის შეგირდებს ბევრი დრო ჰქონდათ სიტუაციის შესაცვლელად, თუმცა ვერ შეცვალეს და მარცხიც განიცადეს.

ვინაიდან ლიბერტადორესის თასზე უკვე სტუმრად გატანილი გოლის წესიც მოქმედებს, „გრემიომ“ ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალის საგზური სწორედ ამის წყალობით მოიპოვა.

„პალმეირასი“ – „გრემიო“ 1:2 (1:2)

გოლები: 1:0 ლუსი ადრიანო (14), 1:1 ევერტონი (18), 1:2 ალისონი (22)

რაც შეეხება დარჩენილ მეოთხედფინალურ დუელებს: „ბოკა ხუნიორსი“ 29 აგვისტოს „ლდუ კიტოს“ დაუხვდება და სტუმრად 3:0 აქვს მოგებული, ამავე დღეს „ფლამენგო“ „ინტერნასიონალს“ ესტუმრება და ეცდება შინ მოპოვებული უპირატესობა (2:0 მოიგო) არ გაანიავოს, ხოლო 30 აგვისტოს, ბოლო ნახევარფინალისტი მოქმედი ჩემპიონის „რივერ პლეიტისა“ და „სერო პორტენიოს“ წყვილში გაირკვევა. შეხვედრას პარაგვაი უმასპინძლებს, „რივერს“ კი შინ 2:0 აქვს მოგებული.

0.119193