ჩოგბურთი

13:12 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ ბოლქვაძე, მერე – ბასილაშვილი
აშშ-ს ღია პირველობის მე-2 წრეში 2 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს

28 აგვისტო ქართული ჩოგბურთისთვის მნიშვნელოვანი დღეა. აშშ-ს ღია პირველობის ძირითადი ბადის მე-2 წრეში ერთბაშად 2 ქართველი ჩოგბურთელი – ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ითამაშებს, რაც ისტორიული მოვლენაა.

მარიამობას პირველი კორტზე 21 წლის მარიამ ბოლქვაძე გავა (თბილისის დროით 20:00 საათიდან), მისი მეტოქე კი ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილი ჩეხი კაროლინა პლისკოვა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ ნიუ იორკში მიმდინარე შეჯიბრზე 3 საკვალიფიკაციო შეხვედრა მოიგო, ძირითად ბადეში კი მსოფლიოს 65-ე ჩოგანს, ამერიკელ ბერნარდა პერას 6:3, 5:7, 6:4 სძლია.
თავის მხრივ, პლისკოვამ, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება, თანამემამულე ტერეზა მარტინცოვასთან მოულოდნელად დიდი ბრძოლა გადაიტანა და მხოლოდ ტაი-ბრეიკებზე იმარჯვა – 7:6 (8:6), 7:6 (7:3).
საინტერესოა, რომ ბოლქვაძისა და პლისკოვას შერკინება ცენტრალურ – არტურ ეშის სახელობის კორტზე ჩატარდება, სადაც მოგვიანებით შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ამერიკელი სერენა უილიამსიც ითამაშებენ.
ვთქვათ ისიც, რომ მარიამი US Open-ის სტარტს მსოფლიო რეიტინგში 202-ე ადგილზე შეხვდა, ახლა კი, 398 ქულით უკვე 152-ე პოზიციაზე გახლავთ. ცხადია, ჩეხ ჩოგბურთელთან გამარჯვება უდიდესი სენსაცია იქნება, რაც ქართველ გოგონას კიდევ 60 ქულას და მორიგ წინსვლას მოუტანს.

დღის ბოლოს მოუწევს თამაში 27 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც აშშ-ს ღია პირველობის საწყის რაუნდში მძიმე ორთაბრძოლა გადახდა. მე-17 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა უხერხულ მეტოქედ ქცეულ მარტონ ფუჩოვიჩთან (უნგრეთი) 5 სეტი ჩაატარა და 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3 იმარჯვა.
მე-2 რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე ნაკლებად ცნობილი ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იქნება. 18 წლის მასპინძელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 394-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა, სენსაცია მოახდინა და საწყის შეხვედრაში მსოფლიოს ექს-მეოთხე ჩოგან ტომაშ ბერდიხს (ჩეხეთი) 6:1, 2:6, 6:4, 6:4 სძლია.
გასაკვირი არაა, რომ ბასილაშვილი ბრუკსბის კარიერაში პირველად დაუპირისპირდება. მატჩი მე-5 კორტზე მე-4 წყებაში, ბერძენი მარია საკარისა და ჩინელი შუაი პენგის მატჩის დასრულების შემდეგ დაიწყება, ეს კი, გვიან ღამით იქნება.
ცნობისთვის, ბასილაშვილის აქტივში უკვე 1 850 ქულაა და ის ლაივ-რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილზე იმყოფება. თუკი ნიკოლოზმა ბრუკსბის დამარცხებაც მოახერხა, დამატებით 45 ქულას მიიღებს და კლასიფიკაციაში მე-15 ადგილზე გადაინაცვლებს, რაც მისი ახალი მიღწევა იქნება.

0.133565