ძიუდო

15:50 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონია!

26 წლის ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი გახდა. ჩვენებურმა ისტორიულ წარმატებას იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაწყებულ ტურნირზე მიაღწია, სადაც ურთულესი გზა განვლო.

ჩხვიმიანმა ფინალური ორთაბრძოლა უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევთან ჩაატარა, მეტოქეზე შიდოთი მეტი ჰქონდა, როდესაც გადამწყვეტ შეტევაზე წავიდა და აზიელი ვაზარიზე დააგდო, შემდეგ კი იპონიც მიაყოლა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური შეჯიბრში პირველივე წრიდან ჩაერთო, სადაც ჰონგ კონგელ იუ ლონგ ლაის იპონით მოუგო, შემდეგ კი, გაცილებით მძიმე ორთაბრძოლები გადაიტანა. ქართველმა ზედიზედ 3 რაუნდი იჭიდავა “გოლდენ სქორში” და ესპანელ ფრანსისკო გარიგოსსა და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს – ვაზარებით, ხოლო უკრაინელ არტიომ ლესიუკს იპონით სძლია.

მეოთხედფინალში ლუხუმის მოწინააღმდეგე მსოფლიო პირველობის ერთ-ერთი აღმოჩენა – ტაივანელი იუნგ ვეი იანგი გახლდათ, რომელმაც ბრიტანელ ეშლი მაკკენზის, პირველ ნომრად განთესილ რუს რობერტ მშვიდობაძეს, ფრანგ ლუკა მხეიძესა და უზბეკ დიიორბეკ უროზბოევს მოუგო. საბედნიეროდ, ტაივანელის სენსაციური სვლა ქართველმა ძიუდოისტმა შეაჩერა და მას ვაზარით აჯობა.

ჩხვიმიანი ნახევარფინალში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ იაპონელ რიუჯიუ ნაგაიამას გაეჯიბრა, დამატებით დროში კონტრშეტევაზე გამოიჭირა და ვაზარიზე დასცა.

ამ წონაში ბრინჯაოს მედლები სწორედ ნაგაიამასა და ყაზახ იელდოს სმეტოვს ერგოთ.

ქალთა სასტარტო წონით კატეგორიაში (48 კგ.) მორიგი ჯილდო მოიპოვა უკრაინელთა სუპერტალანტმა დარია ბილოდიდმა. 18 წლის გოგონამ ფინალში იაპონელი ფუნა ტონაკი ვაზარით დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი მონღოლმა ურანცეცეგ მუნხბატმა და კოსოვოელმა დისტრია კრასნიქიმ დაისაკუთრეს.

ხვალ ტოკიოში პრიზიორთა ვინაობას მორიგ ორ წონაში შევიტყობთ, ტატამზე კი 3 ქართველი ძიუდოისტი გავა. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი მე-2 წრეში არგენტინელ ტალ ალმოგსა და ეგვიპტელ აჰმედ აბელრაჰმანს შორის უმჯობესს შეერკინება, ბაგრატ ნინიაშვილი კი გვინეელ მუსა კაბას გაეჯიბრება. ქალთა 52 კგ-მდე წონაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი პოლონელ ალეკსანდრა კალეტას დაუპირისპირდება.

0.130798