ჩოგბურთი

1:27 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეშია!

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ს ღია პირველობის კვალიფიკაცია დასძლია და დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად მოხვდა.

ბოლქვაძისთვის ისტორიული ნიუ იორკში მიმდინარე შეჯიბრი აღმოჩნდა, სადაც მან საკვალიფიკაციო ბადეში 3 გამარჯვება იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ მარიამმა საწყის შეხვედრაში მე-8 ნომრად განთესილი ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი 6:4, 6:2 დაამარცხა, შემდეგ სამხრეთკორეელ ნა-ლაე ჰანს 2:6, 6:2, 7:5 სძლია, დღეს კი, გადამწყვეტ თამაშში ჩინელ შილინ ქსუს აჯობა – 6:4, 2:6, 6:4.
მატჩი 2:13 საათს გაგრძელდა და ძალიან დაძაბული გამოდგა. მარიამმა პირველ სეტში იმარჯვა, შემდეგ უპირატესობა აზიელის მხარეს გადავიდა, მე-3 სეტში კი კვლავაც ქართველმა ჩოგბურთელმა იყოჩაღა: 3:0 დაწინაურდა და საქმის ბოლომდე მიყვანა შესძლო.
აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძეს ეისი არ მოუწოდებია და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს – 4 და 8), პირველ მოწოდებაზე ბურთების 62% (40 65-დან) მოიგო, მეორეზე კი - 45% (15 33-დან). ქართველმა გოგონამ 9-დან 4 ბრეიკ პოინტი გამოიყენა და თავადაც მოწოდება 4-ჯერ დათმო.
აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლის წყალობით, მარიამმა 40 სარეიტინგო ქულა და 58 ათასი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო თუ ვინ იქნება ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

0.115034