საქართველოს ეროვნული ნაკრები სავარაუდოდ ამხანაგურ მატჩს სამხრეთ კორეის ნაკრებთან გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას Yna.co.kr-ი ავრცელებს.
როგორც აღნიშნული წყარო წერს, სამხრეთ კორეის საფეხბურთო ასოციაცია მოლაპარაკებებსი დასკვნით ფაზაშია და თუ შეთანხმება საბოლოოდ შედგება, სპარინგი 5 სექტემბერს, სტამბოლში გაიმართება.
აღნიშნული თარიღი თავისუფალია საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელიც ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპისგან დაისვენებს. იმართებოდა მოლაპარაკებები ჩილეს ფეხბურთის ფედერაციასთან, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ, ახლა „ჯვაროსნებს“ აზიელებთან მოუწევთ დაპირისპირება.
სამხრეთ კორეის ნაკრები ფიფას რეიტინგში 37-ე ადგილზე იმყოფება და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არასდროს უთამაშია.