საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფიბა-სთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სამწვრთნელო პროგრამაში (FIBA Europe Coaching Certificate) უკვე 4 ახალგაზრდა ქართველი ჩართო.
ორმა მათგანმა – დიმიტრი ჯაკობოვმა და დავით როგავამ აღნიშნული სამწვრთნელო პროგრამის სამწლიანი კურსი გასულ თვეში დახურეს, ხოლო ანატოლი ბოისა და ირაკლი ძიძიგური FECC-ის პროგრამაში წლეულს ჩაერთვნენ. ფიბას სამწვრთნელო პროგრამა ყოველ ზაფხულს ასაკობრივი ჩემპიონატების პარალელურად მიმდინარეობს და მას მსოფლიო დონის გამოცდილი მწვრთნელები უძღვებიან. FECC-ის წამყვანი სპეციალისტია სვეტისლავ პეშიჩი, ხოლო წლეულს პროგრამაში ლექციების წასაკითხად და გამოცდების მისაღებად საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებების ყოფლილი მწვრთნელი, გასულ სეზონში „ფინიქს სანსის“ სერბი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვიც მიიწვიეს.
პროგრამისა და მისგან მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ საქართველოს მწვრთნელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ავალიშვილი და FECC-ს მონაწილე ქართველი მწვრთნელები გვესაუბრებიან.
ირაკლი ძიძიგური
– ფიბა-ევროპის სამწვრთნელო პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი გამოცდილების შეძენისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ელემენტარულად, ისეთ გარემოში ხარ, რომ არ არსებობს, თუ ეს საქმე გაინტერესებს, ცოდნა არ შეიძინო. 8 დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით მსოფლიო დონის მწვრთნელების – სვეტისლავ პეშიჩის, ფილიპ ლასოს, ნენად ტრუნიჩის, არიკ შივეკის, იანეჟ დრვარიჩის ლექციებს. ვესწრებოდით ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებს, ვახდენდით მოთამაშეთა შეფასებას. გვქონდა სპეციალური დავალებები, რომლებსაც ვასრულებდით. თითოეულ დეტალს, თუნდაც ისეთს, რაც აქამდე სამწვრთნელო საქმიანობისას არაერთხელ გაგვიკეთებია, გვიჩვენებდნენ მსოფლიო დონის მწვრთნელები და ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილებაა.
– გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი იყო ის კონტაქტები, რომლებიც ამ პროგრამის მონაწილეებთან დავამყარეთ. დაახლოებით 70 ახალგაზრდა მწვრთნელი ვართ FECC-ის პროგრამის ამ სამწლიან ნაკადში და ყველა მათგანთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. გავცვალეთ კონტაქტები და სეზონის განმავლობაში გვექნება მიმოწერა, საინტერესო თემების განხილვა და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, მოუთმენლად ველი პროგრამის შემდეგ სემინარებს, რომელიც 2020 წლის ევროპის უკვე 18-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას გაიმართება, ხოლო დასკვნითი ეტაპი 2021 წლის 20-წლამდელთა პირველობისას ჩატარდება.
ანატოლი ბოისა
– ეს იყო პროგრამის პირველი ეტაპი და შესაბამისად, ძირითადი ყურადღება დაეთმო ბავშვთა კალათბურთში მუშაობას და იმ საბაზისო კომპონენტებს, რომლებსაც დამწყები კალათბურთელები გადიან. ისეთი დიდი დონის სპეციალისტები, როგორებიც პეშიჩი, ლასო, დრვარიჩი, ტრუნიჩი და სხვანი არიან, უდიდეს ყურადღებას უთმობენ თითქოსდა ელემენტარულ სათამაშო კომპონენტებს. საბაზისო კომპონენტების ზედმიწევნით კარგად ათვისება უმნიშვნელოვანესია დამწყები კალათბურთელებისთვის. თუკი დასაწყისშივე რამე შეცდომით შეითვისეს, მერე იმის გამოსწორება ფაქტობრივად შეუძლებელია.
– ძალიან საინტერესო იყო ფსიქოლოგიური ტრენინგები, რომელიც გვასწავლიდა, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მოზარდებისთვის საკალათბურთო ცოდნის გადაცემა. ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა ექცევა – ხმის ტემბრს, რითაც ბავშვს ამა თუ იმ მოძრაობას უხსნი, ეგრედ წოდებულ სხეულის ენას და ასე შემდეგ. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ კუთხით, რათა მოზარდზე უარყოფითად არ იმოქმედოს ვარჯიშის პროცესმა.
– მე და ირაკლიმ მართლაც ბევრი ახალი მეგობარი შევიძინეთ. ყველასთან კარგი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ პროფესიულ თემებზე ურთიერთობას, ხოლო ზაფულობით FECC-ის სემინარებზე კვლავ შევხვდებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ფიბა-ს თანამშრომლობა ასე ნაყოფიერად მიმდინარეობს და გვეძლევა შესაძლებლობა, რომ იმ საქმეში, რასაც გულით ვემსახურებით, წინსვლისა და პროფესიონალებად ჩამოყალიბების შესაძლებლობა გვაქვს.
დავით როგავა
– პროგრამაში მონაწილეობით უდიდესი გამოცდილება მივიღე, რაც მწვრთნელად მუშაობაში ძალიან დამეხმარება. ეს გახლავთ 16, 18 და 20-წლამდელებთან მუშაობის სპეციალიზირებული პროგრამა, რომლის დასკვნითი ეტაპიც ფაქტობრივად ისეთია, როგორიც ზრდასრულ კალათბურთელებთან მუშაობა. პროგრამა 3 სეზონი გაგრძელდა, რის განმავლობაშიც 65 ახალგაზრდა მწვრთნელი მსოფლიო დონის სპეციალისტებისგან საჭირო სემინარებს ვისმენდით. ბოლო წელს გვქონდა საკმაოდ მკაცრი გამოცდები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებში. გამოვარჩევ გასაუბრებით გამოცდას, რომლის დროსაც ერთ მაგიდასთან ვიჯექი სვეტისლავ პეშიჩთან, იგორ კოკოშკოვთან, ფილიპ ლასოსთან და ვპასუხობდი მათ შეკითხვებს. ასევე მე შემეძლო დამესვა ნებისმიერი კითხვა. ერთი სიტყვით, დიდი გამოცდილება შევიძინე, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა ვუთხრა კალათბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვერდში გვედგა.
დიმიტრი ჯაკობოვი
– მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომ მომცა საშუალება, მონაწილეობა მიმეღო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სამწვრთნელო პროგრამაში, სადაც 3 წლის მანძილზე უმაღლესი დონის სპეციალისტებთან მიწევდა ცოდნის ამაღლება. ჩვენ გავიარეთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები და ჩავაბარეთ გამოცდები. ამასთან ერთად, დავამყარეთ კონტაქტები როგორც გამოცდილ, ასევე ჩვენსავით ახალგაზრდა მწვრთნელებთან, რაც მომავალში ძალიან დაგვეხმარება. ამ პროგრამაში მონაწილეობა არის საუკეთესო საშუალება საიმისოდ, რომ ახალგაზრდა მწვრთნელმა მოახერხოს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება.
ნოდარ ავალიშვილი, საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი:
– სხვა მნიშვნელოვან სფეროებთან ერთად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბა-სთან აქტიურად თანამშრომლობს სამწვრთნელო საკითხებთან დაკავშირებითაც. საქართველოს მწვრთნელთა კავშირი სწორედ ამ მიმართულებას კურირებს და უკვე მე-4 წელია ფიბა-ევროპის მწვრთნელთა სერთიფიცირების პროგრამაში (FECC) ვართ ჩართულნი. წელს აღნიშნული პროგრამა ორმა ქართველმა მწვრთნელმა – დიმიტრი ჯაკობოვმა და დავით როგავამ დახურეს, ხოლო წელსვე მასში მორიგი ნაკადი ჩაერთო ანატოლი ბოისასა და ირაკლი ძიძიგურის სახით.
ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირი ფიბა-სთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს. FECC-ის პროგრამაში ყოველწლიურად ახალი ქართველი მწვრთნელები ჩაებმებიან და ევროპულ დონეზე სერთიფიცირებული სპეციალისტების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში სწრაფი ტემპებით გაიზრდება.
www.gbf.ge