კალათბურთი

21:03 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ბასკონიამ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
ესპანურ გრანდში თბილისის “ვითას” ყოფილი კალათბურთელი ითამაშებს

ესპანურმა “ბასკონიამ”, რომლის კაპიტანიც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლავთ, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

ბასკონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა შეგირდები სწორედ იმ “ფერნანდო ბუესა არენაზე” შეკრიბა, სადაც გასული სეზონის “ოთხთა ფინალი” გაიმართა.
გუნდთან ერთად გახლდათ შენგელიაც, თუმცა, დანაკლისი მაინც სოლიდური იყო. შეკრებაზე ვერ გამოცხადდა 4 კალათბურთელი, რომელთაც 2019 წლის მსოფლიო თასზე გარჯა ელით.
ესენი ილიმანე დიოპი (ესპანეთი), მაიკლ ერიკი (ნიგერია), პატრისიო გარინო და ლუკა ვილდოზა (ორივე – არგენტინა) არიან.

სამაგიეროდ, არის მატებაც. “ბასკონიამ” კონტრაქტი გაუფორმა თბილისის “ვითას” ყოფილ კალათბურთელ პიერია ჰენრის. 26 წლის ამერიკელმა ლეგიონერმა ევროპული კარიერა სწორედ საქართველოში 2015 წელს დაიწყო, მას შემდეგ კი, “ულმში” (გერმანია), “ჰაპოელ ეილატში” (ისრაელი), “თოფაშსა” (თურქეთი) და “უნიკსში” (რუსეთი) თამაში მოასწრო.
ჰენრისთვის ყველაზე წარმატებული სწორედ გასული სეზონი გამოდგა, როდესაც მან ყაზანელთა მაისურით ევროთასის რეგალარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული მოიგო და ესპანური გრანდის ყურადღებაც მიიპყრო.
“ბასკონია” მომავალ დღეებსაც დარბაზში გაატარებს, 31 აგვისტოს კი, დახურულ კარს მიღმა ესპანურსავე “სან პაბლო ბურგოსთან” პირველ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

0.115479