გერმანიის ბუნდესლიგის პირველი ტური ტრადიციისამებრ კვირას ორი მატჩით დასრულდა. ფრანკფურტში „აინტრახტი“ „ჰოფენჰაიმს“ დაუხვდა, ხოლო ბერლინში, ბუნდესლიგის დებიუტანტი „უნიონი“ „ლაიფციგს“ გაეჯიბრა.
„აინტრახტისა“ და „ჰოფენჰაიმის“ შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო და პირველივე წუთზე მარტინ ჰინტერეგერმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. მაშინ ძნელად წარმოედგინა ვინმეს, რომ ეს ერთადერთი შედეგიანი დარტყმა იქნებოდა მთელი თამაშის განმავლობაში. თუმცა, ასე მოხდა და ფრანკფურტელებმა სეზონი 3 ქულით გახსნეს.
აი, ბერლინში კი „უნიონის“ ისტორიული მატჩი მისთვის დასამახსოვრებელი ნამდვილად არ გამოდგა, „ლაიფციგისგან“ ოთხი უპასუხო გოლი მიიღო და ელიტაში ისტორიის ათვლა ერთობ წარუმატებლად დაიწყო. საპასუხოდ, „რედ ბულისთვის“ ყველაფერი ჩინებულად წარიმართა და უკვე პირველივე ტაიმში ნათელი იყო, რომ დედალაქიდან შინ სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდებოდა. ამრიგად, "ლაიფციგის" თავკაცის პოსტზე იულიან ნაგელსმანის დებიუტი დიდებული გამოვიდა.
„აინტრახტი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ჰინტერეგერი (1)
„უნიონი“ – „ლაიფციგი“ 0:4 (0:3)
გოლები: 0:1 ჰალსტენბერგი (16), 0:2 ზაბიცერი (31), 0:3 ვერნერი (42), 0:2 ნკუნკუ (69)