ფეხბურთი

23:56 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” განიავებული შანსი

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “საბურთალომ” და მასთან ერთად ქართველმა ქომაგებმა დიდი იმედგაცრუება გადაიტანეს. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა უეფა-ს ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ “არარატ-არმენიას” გასვლითი მატჩი 2:1 მოუგეს, დღეს კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:2 წააგეს და პლეი-ოფის საგზური მეტოქეს გადაულოცეს.

ეს მარცხი მით უფრო სამწუხაროა, რომ საბურთალოელებს დაუძლეველი ბარიერი არც დასკვნით შესარჩევ რაუნდში ელოდათ, ასე კი, ლუქსემბურგულ “დუდელანჟთან” ჭიდილი ერევნულ კლუბს მოუწევს. შედეგად, ან “დუდელანჟი” გავა ზედიზედ მეორედ ჯგუფში ანაც “არარატ-არმენია” პირველი სომხური გუნდი გახდება, რომელიც ევროთასის აღნიშნულ ეტაპზე იასპარეზებს.
არადა, თბილისურ მატჩში მასპინძლები უშანსოდ ნამდვილად არ ყოფილან, სახიფათო მომენტებიც მეტოქეზე არანაკლები შექმნეს, თუმცა, მეკარე დმიტრი აბაკუმოვის კარი ვერაფრით დალაშქრეს. ამ ფონზე, გუნდურად უკეთ მოთამაშე სტუმრებმა თავისი შანსები გამოიყენეს და მიზანსაც მიაღწიეს.
ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, როდესაც “საბირთალოს” დაცვითი ხაზი აშკარად ჩავარდა. ფურდიელ ნარსინგმა მარჯვენა ფლანგზე ისე გაინავარდა, რომ მისი შეჩერება ვერც გიორგი კოხრეიძემ შესძლო და ვერც – ლუკა ლაკვეხელიანმა, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე კი ანტონ კობიალკომ ცენტრალურ მცველებს დაასწრო და ბურთი ომარ მიგინეიშვილის კარის ბადეში გადაგზავნა.
საქართველოს ჩემპიონს პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი დაახლოებით 30 წუთის თავზე შეექმნა, როდესაც მარცხენა ფლანგზე კოხრეიძე-ლაკვეხელიანის იერიშის შემდეგ, ბურთი გიორგი გაბედავას დარჩა, თუმცა, მისი დარტყმული სომეხთა გოლკიპერმა ჩინებულ ნახტომში მოიგერია.
თამაში შემდგომშიც ქართველი ფეხბურთელების ტერიტორიული უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა, ეს შედეგს არ იძლეოდა. მაშინ, როდესაც იერიშის გადამწყვეტ ფაზაში გადაყვანა იყო საჭირო, მასპინძლებს კლასის ნაკლებობა თავს ახსენებდა. მრავლად გახლდათ უზუსტო პასები და არასწორი გადაწყვეტილებები.
“არარატ-არმენიამ” მისთვის ესოდენ საჭირო მე-2 გოლი მე-2 ტაიმის შუაწელს შეაგდო და ეს, მასპინძელთა კიდევ ერთ უხეშ შეცდომას მოჰყვა. კოხრეიძემ, რომელსაც აქტიურობას ნამდვილად არ ვუკარგავთ, მეტოქის საჯარიმოდან პასი რატომღაც თავის ნახევარზე გააკეთა, კონტრიერიშის კვალად კი, კობიალკო საჯარიმოში რეხვიაშვილმა მოცელა. არბიტრმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა, ზუსტი დარტყმა კი შეცვლაზე შესულმა პეტროს ავეტისიანმა შეასრულა.
ანგარიში 2:0 უკვე სომხეთის ჩემპიონს აძლევდა ხელს და გასაკვირი არ ყოფილა, რომ სტუმრები მთელი შემადგენლობით საჯარიმოს სიახლოვეს განლაგდნენ. “საბურთალომ” მატჩის ბოლო 15 წუთი აქტიურ შეტევებში გაატარა და ნამდვილად ჰქონდა შანსი თამაში დამატებით დროში მაინც გადაეყვანა, თუმცა, არ გამოვიდა.
ყველაზე ახლოს მიზანთან მალი იყო, რომელიც ფლანგზე ყოჩაღად გამოიყურებოდა და მორიგი რეიდის შემდეგ ბურთი ხარიხას აძგერა, დამატებაზე კი ვერავინ ივარგა. უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბურთი სომეხთა კარში მაინც აღმოჩნდა, თუმცა, რეხვიაშვილის თავურის კვალავ ლაინსმენმა ოფსაიდი დააფიქისირა.
მატჩის შემდეგ ქართველმა გულშემატკივარმა უკრაინული მსაჯთა ბრიგადას ობსტრუქცია მოუწყო და ეს, მთლად უსამართლოც არ ყოფილა. მიკოლა ბალაკინმა საბურთალოელებს 7 ყვითელი ბარათი უჩვენა, მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა და სტადიონზე შეკრებილთა აზრით, გოლიც უსამართლოდ გააუქმა. ცხადია, საქართველოს ჩემპიონის მარცხის ძირითადი მიზეზი მსაჯები ნამდვილად არ ყოფილან, თუმცა, უკრაინელს რამდენიმე ეპიზოდში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად შეეძლო...

“საბურთალო” - “არარატ-არმენია” 0:2 (0:1)

“საბურთალო”: მიგინეიშვილი, მარგველაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი, 69), რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, მალი, ალთუნაშვილი, ტერა, დიასამიძე (ყენია, 58), გაბედავა (როლოვიჩი, 60), კოხრეიძე.
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
“არარატ-არმენია”: აბაკუმოვი, პაშოვი, მენესესი, გუზი, ახენტეჰი, ამბარცუმიანი (ავეტისიანი, 56), ალფონსე, მალაქიანი (ანტონოვი, 70), ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი, 80), ლიმა.
მწვრთნელი: ვარდან მინასიანი.
გოლები: კობიალკო (10), ავეტისიანი (67 პენ.)
გაფრთხილება: ალთუნაშვილი (21), ტერა (32), ლაკვეხელიანი (33), გუზი (34), კობიალკო (37), პაშოვი (52), გაბედავა (56), მიგინეიშვილი (65), მალი (86), ლიმა (86), გორგიაშვილი (90).
მსაჯი: მიკოლა ბალაკინი (უკრაინა).

0.180134