თბილისის სპორტის სასახლეში ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა სამი მატჩი მოიგო და მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ისტორიაში ქართული გუნდის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
2002-03 წლებში დაბადებულ გოგონათა ნაკრები ამ შეჯიბრებისთვის 2 წელი ემზადებოდა. შარშან გუნდმა გეტებორგში იასპარეზა თავის პირველ ოფიციალურ შეჯიბრებაზე, ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე და იქ მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო აზერბაიჯანთან. ახალ სეზონში ამ ნაკრების წევრთა უმეტესობამ სერიოზული გამოცდილება მიიღო საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ერთობლივ ჩემპიონატში, სადაც. მთელი სეზონის განმავლობაში 16 მატჩი ითამაშა ასაკით უფროს მეტოქეებთან.
ამ ორ ტურნირზე გუნდის მწვრთნელები იყვნენ ანდრეი პორტნოი და ბექა ორჯონიკიძე, რომელთაც სერიოზული წვლილი აქვთ შეტანილი გუნდის მზადებაში, მაგრამ, აპრილში პორტნოის, პირადი მიზეზების გამო, უკრაინაში მოუხდა დაბრუნება, ორჯონიკიძე კი კაცთა ეროვნულ ნაკრებში დაინიშნა. მწვრთნელთა სტაფში ინა ჭკუასელსა და ლანა მარგიანს დაემატნენ ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონის, ფოთის „ოქროს ვერძის“ მწვრთნელი გელა ჟვანია და ეროვნული ნაკრების მეკარე გიგა ტორონჯაძე. ივლისში გუნდი წარმატებით გამოვიდა კლაიპედაში, ორი წლით უფროსებს შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ყველა მეტოქეს ებრძოლა და კოსოვოს ნაკრები დაამარცხა კიდეც.
თბილისში, პირველივე მატჩის დასაწყისში ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა უპირობო ლიდერი და კაპიტანი, ჯგერენაია მაგრამ გოგონებმა მოახერხეს მობილიზაცია და დაამარცხეს ფინეთი. ეს ბოლო დანაკარგი არ ყოფილა - ლატვიასთან მატჩის პირველ ნახევარში წითელი ბარათი მიიღო ჩვენმა საუკეთესო ბომბარდირმა, ლიზა ჩხაიძემ, მაგრამ ეს თამაშიც მივიყვანეთ მოგებამდე, ხოლო პლეიოფში, ძალიან დრამატულ მატჩში მოვუგეთ საბერძნეთსაც, რომელიც აშკარა ფავორიტად ითვლებოდა.
ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა საქართველოს ნაკრების მარცხენა გარემარბი ანა ჩხაიძე, რომელმაც თავის პოზიციაზე მოთამაშეთა შორის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. ბომბარდირებში 36 გოლით ლიზა ჩხაიძემ მე-6-8 ადგილი გაიყო.
ნაკრებში წარმომადგენლობა ჰქონდა საქართველოს 5 ქალაქის 6 კლუბს: ფოთის ოქროს ვერძს, სამტრედიას, აჭარას, ყვარელს, თბილისის პეგასსა და ქარიშხალას. ამ ასაკში საქართველოს წლევანდელ ჩემპიონატში 9 გუნდი თამაშობდა და სეზონში ყველას 24-24 თამაში დაუგროვდა, რაც კიდევ ერთი წინაპირობა იყო ნაკრების წარმატებისა.
ამ ასაკის ნაკრებს მომდევნო ოფიციალური ტურნირი მხოლოდ 2021 წელს უწევს - 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, გაისად კი ევროპულ ასპარეზზე გავა მომდევნო თაობა - 2004 წელს და გვიან დაბადებულები. წლევანდელ გუნდში მომდევნო ასაკობრივი კატეგორიის სამი ხელბურთელი თამაშობდა - ბურკაძე, სურამლიშვილი და საბაშვილი.
შეჯიბრების სპორტულ და საორგანიზაციო საკითხებზე გვესაუბრა ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი, EHF აღმასკომის წევრი, ერჟი ელიაში (პოლონეთი).
ერჟი ელიაში: - ჩემპიონატზე ოთხი გუნდი სხვებისგან გამოირჩოდა - შვეიცარია, სერბეთი, უკრაინა და ლიეტუვა, თუმცა ამ ოთხეულში შეიძლება ყოფილიყო საქართველო, პირველ ტურში ლიეტუვასთან ორთაბრძოლისას თქვენს ლიდერს ტრავმა რომ არ მიეღო. ამ გოგონამ მხოლოდ ათიოდე წუთი ითამაშა, მაგრამ ამ მცირე დროში სპეციალისტებს თავი დაგვამახსოვრა. იგი შესანიშნავად ხედავს მოედანს, ბურთებსაც კარგად ანაწილებს და კარშიც ზუსტად ურტყამს. დასანანია, რომ მას ტრავმამ თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა. საერთოდ, როგორც ვიცი, თქვენთან ქალთა ხელბურთი ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც გამოცოცხლდა. ამის მიუხედავად, წინსვლა საგრძნობია და დარწმუნებული ვარ, მალე თქვენი გოგონები ევროპელებისთვის კონკურენტებად იქცევიან.
ჩემპიონატი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. მონაწილეებს ასპარეზობისა და აქტიური დასვენებისთვის ყველა პირობა ჰქონდათ. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ და მისმა თავკაცმა ზურაბ კაკაბაძემ ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ სტუმრებს კომფორტულად ეგრძნოთ თავი და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინათ. შემთხვევითი არ იყო, რომ ამას წინათ საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაიმსახურა საუკეთესო ორგანიზატორის წოდება. ევროპის ხელბურთის ფედერაცია ენდობა საქართველოს.
ხელბურთი. 17 წ. ევროპის ჩემპიონატი 2019
თბილისის სპორტის სასახლე, 3-11 აგვისტო.
კლასიფიკაცია. 1. შვეიცარია 2. სერბეთი 3. უკრაინა 4. ლიეტუვა 5. ფარერები 6. საქართველო 7. საბერძნეთი 8. ფინეთი 9. ბულგარეთი 10. ლატვია
საქართველოს ნაკრების ყველა თამაში
3 აგვისტო. ლიეტუვა - საქართველო 28-19
საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ა. ჩხაიძე 7, ე. ჩხაიძე 6, დვალიშვილი 2, ბურკაძე 2, ჯგერენაია 1, სურამლიშვილი 1, გოგია, გაგნიძე, კორძაია, ქამაშიძე, საბაშვილი, კომახიძე, მ. ცინცაძე
4 აგვისტო . საქართველო - ფინეთი 23-22
საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ე. ჩხაიძე 8, გაგნიძე 6, დვალიშვილი 3, ა. ჩხაიძე 2, ბურკაძე 2, საბაშვილი 1, გოგია 1, კორძაია, მ. ცინცაძე, სურამლიშვილი, ქ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე,
5 აგვისტო. საქართველო - ლატვია 24-21
საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ა. ჩხაიძე 8, ბურკაძე 4, გაგნიძე 4, გოგია 4, ე. ჩხაიძე 3, დვალიშვილი 1, კორძაია, ქ. ცინცაძე, საბაშვილი, მ. ცინცაძე, სურამლიშვილი, ქამაშიძე, კომახიძე
8 აგვისტო. შვეიცარია - საქართველო 31-18
საქ: ჯიქურაშვილი, კოპალეიშვილი, ქარჩავა - სურამლიშვილი 5, ბურკაძე 5, დვალიშვილი 3, გაგნიძე 2, გოგია 2, ა. ჩხაიძე 1, კორძაია, საბაშვილი, მ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე, ქ. ცინცაძე
10 აგვისტო. საქართველო - საბერძნეთი 22-21 (20-20)
საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ე. ჩხაიძე 13, ა. ჩხაიძე 4, გაგნიძე 2, ქამაშიძე 1, დვალიშვილი 1, გოგია 1, ბურკაძე, კორძაია, სურამლიშვილი, საბაშვილი, მ. ცინცაძე, ქ. ცინცაძე, კომახიძე
11 აგვისტო. ფარერები - საქართველო 30-16
საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ე. ჩხაიძე 6, სურამლიშვილი 3, გოგია 3, ა. ჩხაიძე 1, საბაშვილი 1, კორძაია 1, მ. ცინცაძე 1, გაგნიძე, დვალიშვილი, ბურკაძე, ქ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე
შემადგენლობა
GK: 1. ნატო კოპალეიშვილი (2002, სამტრედია - 6 მატჩი), 16. დიანა ქარჩავა (2002, აჭარა - 6 მატჩი), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი - 6 მატჩი)
LW: 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა - 6 მატჩი, 23 გოლი), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა - 6 მატჩი)
RW, RB: 25. ნინო გაგნიძე (2002, 6 მატჩი, 14 გოლი), 93. ლანა გოგია (2002, ფოთი - 6 მატჩი, 11 გოლი), 23. ციცინო ბჟალავა (RW, 2003, ფოთი -/-)
P: 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი - 6 მატჩი, 2 გოლი), 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა - 6 მატჩი, 10 გოლი)
LB, CB: 7. მარიამ ცინცაძე (2002, ქარიშხალა - 6 მატჩი, 1 გოლი), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი - 1 მატჩი, 1 გოლი), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი - 6 მატჩი, 1 გოლი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, აჭარა - 6 მატჩი, 1 გოლი), 18. ანა სურამლიშვილი (2004, ყვარელი - 6 მატჩი, 9 გოლი), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია - 6 მატჩი, 13 გოლი), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი - 5 მატჩი, 36 გოლი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა - 5 მატჩი)
მწვრთნელები: ინა ჭკუასელი (1985), გელა ჟვანია (1990), გიგა ტორონჯაძე (1989)
ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990), მენეჯერი ლანა მარგიანი (1988)
ტურნირის ყველა ვარსკვლავი: GK სორაია შალერი (შვც) - LW ანა ჩხაიძე (საქ) - LB მილიცა პაპი (სრბ) - CB იანა მიტუნი (ფარ) - RB მალენ ალათჰერი (შვც) - RW დიანა დმიტრიშინი (უკრ) – P დებორა ანენი (შვც) - საუკეთესო მცველი მარია ილიჩი (სრბ) – MVP ალექსანდრა კრსტიჩი (სრბ) - ბომბარდირი მარი ტომოვა (ბულ, 55 გოლი)