ფეხბურთი

12:36 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ბოლოში, "სიტი" სათავეში: ვინ რამდენი დახარჯა პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონმა სტარტი გუშინ, „ლივერპულისა“ და „ნორვიჩ სიტის“ მატჩით აიღო. მანამდე კი, 8 აგვისტოს ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა.

ახლა ინგლისურ კლუბებს ფეხბურთელებს შეძენა აღარ შეუძლიათ, თუმცა, გაყიდვა დასაშვებია. შედეგად, შეგვიძლია შევაჯამოთ და გავიოგოთ ვინ რამდენი დახარჯა მიმდინარე ზაფხულში.

როგორც გაირკვ, ყველაზე ხელგაშლილები მანჩესტერული კლუბები აღმოჩნდნენ, ხოლო ყველაზე ცოტა რაც უნდა გასაკვირი იყოს, იურგენ კლოპის „ლივერპულმა“ დახარჯა.

20. „ლივერპული

ინგლისურმა გუნდმა ჩინებული სეზონის შემდეგ სატრანსფერო ბაზარზე არ იაქტიურა. მეტიც, პრემიერლიგის წარმომადგენელებს შორის ყველაზე ცოტა, სულ რაღაც 1.9 მილიონი ევრო დახარჯა. იურგენ კლოპის გუნდმა ამ ფასად „ზვოლედან“ მცველი სეპ ვან დენ ბერგი იყიდა.

19. „ნორვიჩი“

პრემიერლიგაში დაბრუნებულმა „ნორვიჩ სიტიმ“ ჯიბეზე ხელი ვერ გაიკრა და ოდენ 4.2 მილიონი ევრო დახარჯა. ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი კი „შალკედან’ მეკარე რალფ ფარმანი გამოდგა, რომლის იჯარა 3 მილიონი ევრო დაუჯდა.

18. „კრისტალ პალასი“

„კრისტალ პალასიც“ ვერ გამოირჩა დიდი აქტიურობით და 7.6 მილიონი ევრო დახარჯა. ყველაზე მეტი კი „ევერტონს“ ნახევარმცველ ჯეიმს მაკარტიში გადაუხადა - 3.3 მილიონი ევრო.

17. „ბარნლი“

„ბარნლის“ ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი „ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან“ ჯეი როდრიგესის დამატება აღმოჩნდა, რომელიც კლუბს 5.5 მილიონი ევრო დაუჯდა. მთლიანობაში კი 9.4 მილიონი ევრო დახარჯა.

16. „უოტფორდი“

„უოტფორდმა“ 38.6 მილიონი ევრო დახარჯა და აქედან 30 მილიონი ევრო ისმაილა სარის სანაცვლოდ „რენს“ გადაუხადა. საერთოდ, სარი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

15. „ჩელსი“

„ჩელსის“ მიმდინარე ზაფხულს ტრანსფერებზე ბანი ჰქონდა, მაგრამ ამის ფონზე ნუსხაში საპატიო მე-15 ადგილს მაინც იკავებს. „არისტოკრატებმა“ „რეალიდან“ მატეო კოვაჩიჩის სატრანსფერო უფლებები 45 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. სწორედ ეს თანხა დახარჯა „ჩელსიმ“ მიმდინარე ზაფხულს.

14. „შეფილდ იუნაიტედი“

პრემიერლიგაში დაბრუნებულმა „შეფილდმა“ 47.5 მილიონი ევრო დახარჯა. ყველაზე მეტი კი თავდამსხმელ ოლვერ მაკბრაინში გადაიხადა - 19.1 მილიონი ევრო.

13. „საუთჰემპტონი“

„წმინდანელებმა“ ჯიბეზე ხელი გაიკრეს და ახალი ფეხბურთელების მოყვანას 54.6 მილიონი ევრო დაახარჯეს. ყველაზე ძვირი კი „ლივერპულიდან“ დანი ინგსის გადაბირება დაჯდა - 22.2 მილიონი ევრო.

12. „ბორნმუთი“

„ბორნმუთის“ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ამ ზაფხულს არნო დანიუმა გახლავთ, რომლის სანაცვლოდ „ბრიუგემ“ 18 მილიონი ევრო მიიღო. მთლიანობაში „ალუბლებმა“ 56.4 მილიონი ევრო დახარჯეს.

11. „ბრაიტონი“

„ბრაიტონი“ 65.7 მილიონი ევროთი დაიხარჯა. ყველაზე მეტი კი ადამ ვებსტერის სანაცვლოდ „ბრისტოლ სიტის“ გადაუხადა. საუბარია 22 მილიონ ევროზე.

10. „ნიუკასლი“

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ პირადი რეკორდი დაამყარა და ჟოელინტონის სანაცვლოდ “ჰოფენჰაიმს“ 44 მილიონი ევრო გადაუხადა. შედეგად ბრაზილიელი არამარტო ამ ზაფხულს, არამედ ისტორიაში კლუბის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. მთლიანობაში „კაჭკაჭებმა“ 68.5 მილიონი ევრო დახარჯეს.

9. „ვესტ ჰემი“

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ მთლიანობაში 79.7 მილიონი დახარჯა. ყველაზე ძვირი კი „აინტრახტიდან“ სებასტიან ჰალეს ტრანსფერი დაუჯდა, რომლის ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა.

8. „ვულვერჰემპტონი“

„ვულვზი“ საკმაოდ აქტიური იყო და თითქმის 100 მილიონი ევრო დახარჯა. უფრო კონკრეტულად კი 97 მილიონი ევრო. აქედან ყველაზე მეტი, 38 მილიონი ევრო რაულ ხიმენესის გამოსასყიდად გადაიხადა.

7. „ლესტერ სიტი“

ინგლისის 2016 წლის ჩემპიონმა ჯიბეზე ხელი 106.1 მილიონი ევროთი გაიკრა. იური ტილემანსის გამოსყიდვა კი ყველაზე ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა - 45 მილიონი ევრო.

6. „ტოტენჰემი“

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა გასული ზაფხული ისე განვლო რომ ერთი ცენტიც არ დაუხარჯავს, ახლა კი 114 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებში. ყველაზე მეტი ტანგი ნდომბელეს შეძენა დაჯდა, რომლის სანაცვლოდ „ლიონმა“ ლონდონელებისგან 60 მილიონი ევრო მიიღო.

5. „ევერტონი“

თანაქალაქელისგან განსხვავებით ძალზე ცხელი ზაფხული ჰქონდა ლივერპულის „ევერტონს“. „ლურჯებმა“ 119.9 მილიონი ევრო დახარჯეს და ყველაზე მეტი ალექს აივობის შეძენა დაჯდა. „არსენალმა“ 30.4 მილიონი ევრო მიიღო.

4. „ასტონ ვილა“

პრემიერლიგას დაბრუნებული „ასტონ ვილა“, როგორც ქვედა ლიგაში დაბრუნებას საერთოდ არ აპირებს და ამიტომაც, გვარიანად დახარჯა - 148.6 მილიონი ევრო. ყველაზე ძვირი კი „ბრიუგედან“ თავდამსხმელ ვესლის გადაბირება დაჯდა - 25 მილიონი ევრო.

3. „არსენალი“

როგორც იქნა, სატრანსფერო ბაზარზე ლონდონის „არსენალი“ გააქტიურდა. უნაი ემერის გუნდმა ჯამში 152.4 მილიონი ევრო დახარჯა და ეს მესამე შედეგია პრემიერლიგაში. ყველაზე მეტი კი ნიკოლა პეპეს სანაცვლოდ „ლილს“ გადაუხადა, 80 მილიონი ევრო.

2. „მანჩესტერ იუნაიტედი“

ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ჯამში 159 მილიონი ევრო დახარჯა. აქედან 87 მილიონი ევრო ჰარი მაგუაირის სანაცვლოდ გადაიხდა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.

1. „მანჩესტერ სიტი“

„მანჩესტერ სიტი“ კვლავ პირველ ადგილზეა. როგორც წესი, პეპ გვარდიოლას გუნდი ბაზარზე აქტივობით გამოირჩევა და ახლაც ასე იყო. „ქალაქელებმა“ ჯამში 167 მილიონი ევრო დახარჯეს, მათ შორის ყველაზე მეტი 70 მილიონი ევრო „ატლეტიკოს“ გადაუხადეს ნახევარმცველ როდრის სანაცვლოდ.

0.136713