ჭადრაკი

14:05 | 7.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას მე-2 ადგილი ბლიცში

საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა ჩინებულად ირჯება საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი აბუ-დაბი მასპინძლობს.

გუშინ ტურნირის მონაწილეებმა ძალები ელვისებურ ჭადრაკში (ბლიცი) სცადეს, სადაც ბაადური ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა. ქართველმა დიდოსტატმა 11 ტურში 9.0 ქულა (7 მოგება, 4 ყაიმი) მოაგროვა და ინდოელ პრაგნანადჰასთან ერთად მეორე-მესამე პოზიციები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-2 ადგილი ერგო.
ჩემპიონის ტიტული ირანელმა პარჰამ მაგჰსოოდლომ დაისაკუთრა, რომელმაც 1 პარტია წააგო, სამაგიეროდ, 9 გამარჯვება იზეიმა და ერთხელაც, სწორედ ჯობავასთან ყაიმს დასჯერდა.
შეჯიბრში მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკე ლუკა პაიჭაძემ მიიღო, რომელმაც 8.0 ქულით მერვე-მეთხუთმეტე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-12 გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის ფესტივალზე ძირითად – კლასიკურ ტურნირზე ჯობავას 5 ტურის თავზე მაქსიმალური შედეგი აქვს და ერთპიროვნულად ლიდერობს. დღეს, ბაადური თეთრი ფიგურებით სწორედ ხსენებულ მაგჰსოოდლოს ეთამაშება.

0.112625