27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე მასტერსზე (საპრიზო ფონდი 6 338 885 დოლარი) მე-2 წრის მატჩს დღეს, გვიან ღამით ჩაატარებს.
ბასილაშვილისა და გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის შეხვედრა, 7 აგვისტოს, თბილისის დროით, დაახლოებით 02:30 საათიდან კორტ Banque Nationale-ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მე-13 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა COUPE ROGERS-ის საწყის რაუნდში სერბი დუშან ლაიოვიჩი 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა, შტრუფს კი გაცილებით იოლი თამაში ჰქონდა: 6:2, 6:2 ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან.
აღნიშნული გამარჯვების წყალობით, ნიკამ ატპ-ს “ლაივ-რეიტინგში” 1975 ქულა მოაგროვა და მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილი დაიბრუნა, გერმანელი ჩოგბურთელი კი 1235 ქულით 36-ეა.
ცნობისთვის, ბასილაშვილი 29 წლის შტრუფს კარიერაში 2-ჯერ შეხვედრია და თანაბარი ბალანსი აქვს: 2013 წელს ბერგამოს (იტალია) ჩელენჯერზე იან-ლენარდი 6:1, 2:0-ს იგებდა, როდესაც ჩვენებურმა თამაში შეწყვიტა, 2016-ში კი, ჰეილბრონის (გერმანია) ჩელენჯერის ფინალში ნიკოლოზმა რევანშის აღება შესძლო – 6:4, 7:6 (7:3).
თუკი საქართველოს პირველმა ჩოგანმა მონრეალში მე-2 მატჩიც მოიგო, აქტივს კიდევ 45 სარეიტინგო ქულას შემატებს და მანამდე, ამერიკელი ჯონ ისნერის წაფორხილების შემთხვევაში, მსოფლიო კლასიფიკაციაში მისთვის საუკეთესო მე-15 ადგილზე დამკვიდრდება.