ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ტრანსლაცია, რომელიც ერევანში, "არარატ-არმენიასა" და თბილისის "საბურთალოს" შორის გაიმართება, არ გადაიცემა. აღნიშნული ცნობა ცოტა ხნის საქართველოს ჩემპიონის ვებგვერდმა გაავრცელა.
"6 აგვისტოს ერევანში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” “არარატ-არმენიას” შეხვდება. როგორც წინა შეხვედრებში, ამჯერადაც დიდია მატჩისადმი ინტერესი, რაზეც გვიწევს განმარტების გაკეთება.
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი ტელევიზია თავადაც არ აწარმოებს თავის ქვეყანაში პირდაპირ რეპორტაჟს. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მზად იყო ერევნიდან თავისი ძალებით განეხორციელებინა პირდაპირი რეპორტაჟი, მაგრამ ვერ შედგა იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ტრანსლაციებს უეფას რეგულაციები კრძალავს", - ნათქვამია "საბურთალოს" ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, "არარატ-არმენიასა" და "საბურთალოს" მატჩი 6 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.