373 თამაში, 228 გოლი, 74 საგოლე პასი, პრემიერლიგის 2 ჩემპიონის ტიტული,ასოციაციის 3 თასი, პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირის 4 ტიტული - ეს ტიერი ანრის მონაგარია ლონდონის „არსენალში“.
ზუსტად 20 წლის წინ, 1999 წლის 3 აგვისტოს, ფრანგი შემტევი არსენ ვენგერის დაჟინებული ინიციატივით ტურინის „იუვენტუსიდან“ „არსენალში“ გადავიდა. ამომავალ ვარსკვლავს იტალიაში იმხანად „იუვეს“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ ენდობოდა, ან თუ ენდობოდა, ნახევარდაცვაში ათამაშებდა. ბუნებრივია, ეს „ტიტის“ შესაძლებლობებს ზღუდავდა. ტურინში გატარებულ 6 თვეში ანრიმ 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა და შედეგად, ინგლისში გადაბარგდა, ტრანსფერის ღირებულებამ კი 11 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.
ტიერი ანრი „არსენალში“ საოცრად ათამაშდა და იმ პერიოდში არამარტო თავის პოზიციაზე, არამედ ზოგადად გამორჩეული იყო. ლონდონში ტიერი 2007 წლამდე დარჩა და მერე „ბარსელონას“ მიაშურა. თუმცა, 2012 წლის იანვარში მშობლიურ გუნდს მცირე პერიოდით დაუბრუნდა.
ალბათ არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ ტიერი ანრი „არსენალის“ ისტორიაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია...