დღეს, საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი ელის. რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე ტურნირზე, ქართველი ქომაგისთვის საინტერესო შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 15:00 საათზე აიღებს, ჩვენებურთა მეტოქე კი პოლონეთის ნაკრები იქნება.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ჯგუფურ ეტაპზე უკრაინას, ირლანდიას, დანიასა და სლოვაკეთს სძლიეს და მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგეს. შედეგად, B ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში A ჯგუფის საუკეთესო გუნდზე გავიდნენ. პოლონელებმა ჯგუფში ბელგიას, ბულგარეთს, შვეიცარიასა და რუმინეთს აჯობეს და მართალია, ესტონელებთან დამარცხდნენ, დამატებითი მაჩვენებლებით, პირველობა არავის დაუთმეს.
საქართველოსა და პოლონეთს შორის გამარჯვებული ნახევარფინალში პორტუგალიასა და ჩეხეთს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, დანარჩენ მეოთხედფინალებში კი ჩრდილოეთ მაკედონია-ესტონეთი და ისრაელი-შვედეთი ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ევროპირველობის A დივიზიონში თამაშის უფლებას B დივიზიონის 3 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
საქართველო-პოლონეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია