ფეხბურთი

15:00 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ლიბერტადორესი გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება

სამხრეთ ამერიკული ჩემპიონთა ლიგის, ანუ კოპა ლიბერტადორესის 2019 წლის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის და რვიდან შვიდი მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია.

ბოლო მეოთხედფინალისტი 2 აგვისტოს, გამთენიისას, პარაგვაიში, „ლიბერტადისა“ და „გრემიოს“ წყვილში გაირკვევა, სადაც ბრაზილიელები აშკარა ფავორიტად მიიჩნევიან, რადგან შინ 2:0 აქვთ მოგებული.

იქამდე კი, ეს ჩამორჩენა აღმოფხვრა „ფლამენგომ“, რომელმაც „ემელეკთან“ სტუმრად 0:2 მარცხის შემდეგ შინ ასეთივე ანგარიშით იმარჯვა. გაბრიელ ბარბოსა, იგივე გაბიგოლი მატჩის გმირი გამოდგა, რომელმაც საწყის 20 წუთში დუბლი შეასრულა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. გამარჯვებულის ვინაობა კი პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც ბრაზილიელები უკეთ გაისარჯნენ და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

კიდევ ერთ წყვილში გამარჯვებული საფეხბურთო ლატარეამ გამოავლინა. მოქმედი ჩემპიონი „რივერ პლეიტი“ „კრუზეიროს“ გაეჯიბრა და ჯერ „მონუმენტალზე“ არ გასულა გოლი, მერე ბრაზილიაში. შედეგად ორი ნულოვანი ფრით პენალტების სერიაზე მიდგა საქმე, სადაც „რივერმა“ იმარჯვა და ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებს. უნდა ითქვას, რომ მატჩის გმირი არგენტინელთა კარის დარაჯი ფრანკო არმანი გახდა, რომელმაც პენალტების სერიაში ორჯერ აჯობა მეტოქეებს.

მეორე არგენტინული გრანდი „ბოკა ხუნიორსი“ გაცილებით მარტივად გახდა მეოთხედფინალისტი. „ბოკამ“ „ატლეტიკო პარანაენსეს“ ჯერ სტუმრად აჯობა (1:0), ხოლო მერე შინ რამონ აბილასა და ედუარდო სალვიოს გოლებით (2:0).

„პალმეირასს“ „გოდოი კრუზმა“ წინააღმდეგობა ოდენ საშინაო მატჩში გაუწია (2:2), მაგრამ ბრაზილიაში მასპინძლების შეჩერება ვერავინ მოახერხა და - 4:0. მეოთხედფინალში კიდევ ერთი ბრაზილიური გუნდი ითამაშებს „ინტერნასიონალის“ სახით, რომელმაც მონტევიდეოს „ნასიონალს“ ორი მატჩის ჯამში 3:0 აჯობა. ჯერ ურუგვაიში (1:0), მერე შინ - 2:0.

ეკვადორის „ლდუ კიტომ“ ასუნსიონის „ოლიმპიასთან“ საკუთარ მოედანზე მოპოვებული კომფორტული უპირატესობა (3:1) შეინარჩუნა და მომდევნო ეტაპის საგზური უპრობლემოდ მოიპოვა. სამაგიეროდ, მეოთხედფინალის გარეშე არ დარჩენილა მეორე პარაგვაული გუნდი „სერო პროტენო“, რომელმაც „სან ლორენსოსთან“ სტუმრად ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ სახლში მოიგო. არადა, არგენტინელებმა პარაგვაიში პირველი ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

„კრუზეირო“ – „რივერ პლეიტი“ 0:0 პენ: 2:4 (პირველი თამაში: 0:0)

„ოლიმპია“ – „ლდუ კიტო“ 1:1 (1:3)

გოლები: 0:1 ხულიო (20), 1:1 მენდიეტა (35)

„პალმეირასი“ – „გოდოი კრუზი“ 4:0 (2:2)

გოლები: 1:0 ვეიგა (57), 2:0 ბორხა (74), 3:0 სკარპა (84), 4:0 დუდუ (90)

„სერო პორტენო“ – „სან ლორენსო“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბარეირო (18), 1:1 ლარივეი (56), 2:1 რუისი (63)

„ინტერნასიონალი“ – „ნასიონალი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მოლედო (17), 2:0 გერერო (90)

„ბოკა ხუნიორსი“ – „ატლეტიკო პარანაენსე“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 რამონ აბილა (57), 2:0 სალვიო (90)

„ფლამენგო“ – „ემელეკი“ 2:0 პენ: 4:2 (0:2)

გოლები: 1:0 გაბრიელ ბარბოსა (10, პენ), 2:0 გაბრიელ ბარბოსა (19)

„ლიბერტადი“ – „გრემიო“ მეორე მატჩი 2 აგვისტოს გაიმართება (0:2)

მეოთხედფინალი (20-27 აგვისტო)

„სერო პორტენო“ – „რივერ პლეიტი“

„ბოკა ხუნიორსი“ – „ლდუ კიტო“

„ინტერნასიონალი“ – „ფლამენგო“

„გრემიო“/“ლიბერტადი“ – „პალმეირასი“

0.231438