საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსთავდამსხმელმა და “ქასიმფაშას” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ყოველკვირეულ გამოცემა “ფუტბოლთან” საუბარში 2011 წელს თურქეთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალზე ისაუბრა და ეს სიტუაცია საბჭოურ ფეხბურთში არსებულს შეადარა.
“არა მგონი, რომ ეს მატჩები ჩაწყობილი იყო. მე როგორც მახსოვს საუბარი უფრო სტიმულირებაზე მიმდინარეობდა. თუმცა, ასი პროცენტით ვეთანხმები, რომ ეს არაეთიკურია. ისეთი რამ არ ყოფილა, რომ ვინმესთვის ფული მიეცათ შედეგის “გასაკეთებლად”.
თუმცა, არ ვამტკიცებ, რომ მსგავსი რამ არ არსებობს და არასოდეს მომხდარა. საბჭოთა კავშირის ბოლო ჩემპიონატებში წინასწარ ვიცოდით თბილისის ან კიევის “დინამოები” რამდენ ქულა დააგროვებდნენ.
იგივე თურქეთში ერთმანეთს ჩემპიონობას “ფენერბახჩე” და “ტრაბზონსფორი” ეცილებოდნენ. “ფენერბახჩე” იმ გუნდებს, რომლებიც “ტრაბზონსფორს” ეთამაშებოდნენ ასტიმულირებდა. საბოლოო ჯამში ორივე გუნმა 82-82 ქულა დააგროვა და “ფენერბახჩე” ჩემპიონი გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით გახდა. ერთხელ “რეინჯერსის” შემადგენლობა შოტლანდიის ჩემპიონატი მეც ასე მოვიგე. ბოლო ტურში მეტოქე 6:1 დავამარცხეთ, ხოლო ჩვენმა კონკურენტმა “სელტიკმა” 4:0 მოიგო” – თქვა საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა.
არველაძე ინტერვიუში ჰოლანდიის “ალკმაარში” თამაშის დროს გუნდის მაშინდელ მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალთან მუშაობის პერიოდსაც შეეხო:
“ვან გაალი დიქტატორი არაა. უბრალოდ, ძალიან სამართლიანია. მას მუშაობის ასეთი მანერა აქვს: თუ თავს საუკეთესოდ მიიჩნევ, შენს მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნია. არ ვფიქრობ, რომ “ბაიერნში” ვან გაალი გუნდის წინ მართლა შარვალს იხდიდა, რათა თავისი კაცობა დაემტკიცებინა. მას ეს არ სჭირდება.
ვან გაალმა იცის, რომ კარგი მწვრთნელია და უყვარს, როდესაც ამის შესახებ ეუბნებიან. თუმცა, ზოგჯერ ვახსენებდი, რომ მხოლოდ ის არაა ასეთი. ფეხბურთელობისას ხშირად ვეკამათებოდი. ვეუბნებოდი: “ლუი, მოედანზე ვინ უნდა გავიდეს მე თუ შენ? შენ შორიდან უყურებ და მომეცი საშუალება, რომ პრობლემა თავად გადავწყვიტო.
ვან გაალი თამაშს საუცხოოდ “არჩევს”. ამ მხრივ საუკეთესოა. თითქოს “მიმინოს” უყურე: მოედანზე გადიხარ და ყველაფერი ზეპირად იცი. თუ რომელიმე ფეხბუთელი ადრე მეტოქე გუნდში თამაშობდა, ლუი ეკითხებოდა: “რა ინფორმაცია გაქვს? შენებს დაურეკე”. მას ძალიან უყვარს განხილვა და მოთამაშეებს ყურადღებით უსმენს. ის საკითხებს ერთპიროვნულად არ წყვეტს. არსებობს სიტუაცია, როდესაც მას ასე სურს და არა სხვაგვარად. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალის მოსაძებნადაა განწყობილი”.