ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ერთადერთი ვერცხლის მედლით დაასრულა.
დღეს, კვარცხლბეკზე ასვლის შანსი კიდევ ორ ქართველ ფალავანს ჰქონდა, თუმცა, ორივე მათგანმა ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობა დათმო.
დავით აბდალაძე (60 კგ.) რეპეშაჟის გადამწყვეტ რაუნდში უკრაინელ ვიკტორ ტაშოშლოსთან 2:5 დამარცხდა, დავით კუჭუაშვილმა (71 კგ.) კი ამავე ანგარიშით ამერიკელ ალექსანდერ ჯოზეფ ფაკუნდოსთან წააგო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვერცხლის მედლის მოპოვება მძიმეწონოსანმა გიორგი ჩიხრაძემ (110 კგ.) მოახერხა, სულ კი, შეჯიბრი ათ წონით კატეგორიაში ტარდებოდა.
გუნდურ ჩარვლაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 54 ქულა მოაგროვა და მე-10 ადგილზე გავიდა, მოწინავე სამეული კი ასე დაკომპლექტდა: 1. რუსეთი (168), 2. ირანი (166), 3. ინდოეთი (106).
2 აგვისტოდან სოფიის არენა უკვე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.