სხვა

13:30 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიგურული ციგურაობა: 2019-2020 წლის სეზონის სტარტის მოლოდინში

ერთ თვეზე ნაკლები დრო დარჩა ფიგურულ ციგურაობაში ახალი სეზონის დაწყებამდე. გულშემატკივრების, სპეციალისტების, მსაჯებისა და მწვრთნელების მთელი ყურადღება მიპყრობილია მოციგურავეთა მომზადების პროცესებზე.

აქტიურ ფაზაში შევიდა ახალი პროგრამების სრულყოფის ეტაპი. საინტერესოა, როგორი ჩანაფიქრით მომზადდა ახალი პროგრამები, რას შემოგვთავაზებენ სპორტსმენები ინოვაციურს, რამდენად მომზადებული ხვდებიან ისინი ახალ სეზონს.
ძალიან ბევრი იუნიორი სპორტსმენი ასაკის ზრდის გამო იასპარეზებს სენიორთა კატეგორიაში, გამოჩნდება ბევრი ახალი სახე, პერსპექტიული და მოტივირებული, შესაბამისად გაიზრდება კონკურენცია ახალ ოლიმპიურ ციკლში, რაც კიდევ მეტად საინტერესოს გახდის ახალ სპორტულ სეზონს.
ქართველი მოციგურავეები ინტენსიურად ემზადებიან ახალი სეზონისთვის. მათი მოკლე და თავისუფალი პროგრამები სულ მალე დასრულებული სახით წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე ყურადღებით აკვირდებიან ქართველ მოციგურავეთა მზადების პროცესებს, ეცნობიან მათი ახალი პროგრამების კონტენტს, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებთან.
პირველები ასპარეზობაში იუნიორი მოციგურავეები ჩაერთვებიან. ქართველი ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ იუნიორთა გრან-პრის სხვადასხვა ეტაპზე. 21 აგვისტოს, საფრანგეთის ქალაქ კურშევილში სტარტს აიღებს გარნ-პრის ეტაპი, რომელიც ამ სეზონის პირველი ყველაზე საპასუხისმგებლო სტარტი იქნება ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძისათვის.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია წარმატებას უსურვებს ქართველ მოციგურავეებს. ახალ სეზონზე მიღწეული შედეგები სერიოზული განაცხადი იქნება თითოეული სპორტსმენისათვის მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისა და წამყვანი პოზიციების შესანარჩუნებლად.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.210399